მთავარი საქართველო 22 არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველ პარტიას მიმართავს

22 არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველ პარტიას მიმართავს

„საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს“, – სწორედ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი გზავნილი მმართველ გუნდთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა საქართველოს სტრატეგიული ინტერესები სრულად და მკაფიოდ იყოს გაცხადებული.

ამ მიზნით, მათ ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, სადაც აღნიშნულია, რომ მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოხატოს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მმართველმა პარტიამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების.

„ახალი შესაძლებლობები იხსნება, ასე ვთქვათ, მსოფლიოში ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და, ვფიქრობთ, რომ ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. თუმცა, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან აშკარა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას ის დღეს. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ვიდგეთ განვითარებული მსოფლიოსა და დასავლეთის გვერდით“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

„ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი. დღეს არჩევანი ძალიან მარტივია და ხელისუფლების ნაბიჯებიც და განცხადებებიც უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა უკრაინის მხარდასაჭერად. იმიტომ, რომ უკრაინის თავისუფლებაზე გადის, ცხადია, საქართველოს თავისუფლებაც“, – აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

ოპოზიციაში იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას და ფიქრობენ,  არსებობს კონკრეტული კითხვები, რომლებზეც კონკრეტული პასუხებია საჭირო.

„ვიზიარებ იმ მიმართვას, რომელიც დღეს გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული, მშვიდი და მწყობრი პასუხები შეკითხვებზე: როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოს ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, ჩვენი ინტეგრაცია როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში და ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცება. რა ნაბიჯები იდგმება დღეს იმისთვის, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში თავი ვიგრძნოთ დაცულად ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მშვიდად. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული პასუხები, მათ შორის, იმასთან, რა შესაძლო გამოწვევები არსებობს და რა გეგმა არსებობს ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, – თქვა „ლელო“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სრულ თანხმობაში მოდის იმ განცხადებებთან, რომელიც არის როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და ასევე, რომელსაც გრძნობს მთელი საზოგადოება – რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს არ დგას უკრაინის გვერდით. რბილად რომ ვთქვათ, სათანადოდ არ დგას უკრაინის მხარდაჭერის პოზიციებზე და ეს შეშფოთება არის ამ ტექსტში გამოხატული“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ.

მმართველ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს. მათივე შეფასებით, არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრება, რაც მათთვის გაუგებარია.

„საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, დასავლეთთან. ამ ყველაფრის მიღმა არის რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თვითონ იგონებს თემებსა და საკითხებს, თვითონვე პასუხობს ამ თემებსა და საკითხებს“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

„იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ბუნებრივია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ შევყვებით არც ერთი საკითხის განხილვაში. ამით, ერთი მხრივ, ჩვენ ქვეყანას თავიდან ავარიდებთ ნებისმიერი ტიპის რისკსა და პროვოკაციას და, მეორე მხრივ, ოპოზიციასაც ვუშველით იმ მხრივ, რომ აღარ განახორციელოს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

სამოქალაქო სექტორმა დღეს, 23 მარტს, განცხადება გაავრცელა, რომელსაც 22 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. განცხადების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ნაბიჯების გადადგმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა საქართველო ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს და მყარად დაიკავოს თავისი დამსახურებული ადგილი ცივლიზებული სამყაროს გვერდით.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend