მთავარი საქართველო პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი არ უნდა დაიწყოს

პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი არ უნდა დაიწყოს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კიევი ცდილობს, მოძებნოს ახალი გზები და ახალი ალიანსები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს დაიცავს რუსული აგრესიისგან.

ამ მოვლენების პარალელურად, საქართველოში გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს საუბარი საქართველოს შესაძლო ნეიტრალური სტატუსის შესახებ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს საქართველოს კაპიტულაციას.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი არის თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე. რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა, რომ უკრაინას და საქართველოს ნატო-ში უახლოეს მომავალში არ მიიღებდნენ, მაგრამ გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ, რადგან საბოლოო მიზანს რუსეთისთვის წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოების გაუქმება, ნეიტრალიტეტზე საუბარი მხოლოდ გაუადვილებს რუსეთს ამ ამოცანის შესრულებას“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.

„რაც შეეხება ნეიტრალიტეტის საკითხს, არც უნდა განვიხილოთ, არც უნდა დავუშვათ ამის განხილვა. ეს ნიშნავს იმას, რომ დავემორჩილეთ რუსეთის, ვთქვათ, შიშს, მივყევით მას. საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი ნიშნავს კაპიტულაციას. და ის ხალხი, კარგად დავაკვირდეთ, ვინც ამას აკეთებს თითქოს მშვიდობის მიღწევის სახელით, ამის უკან იმალება ძალიან დიდი ღალატი, რომელსაც უმზადებენ საქართველოს“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შეიძლება ნატოს წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია არ უნდა შეცვალოს. მათივე განმარტებით, საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული.

„ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია – უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ პროცესები როგორ ვითარდება – რა პოზიცია უკავია ნატო-ს, ქვეყნებს, რომლებმაც აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვიტონ და რა პოზიცია უკავია თავად უკრაინას. ჩვენი და ნატოს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას ნატოსთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება. ჩვენ იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ, ვისთან ერთადაც ვომობდით და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას. აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის – ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად ამ თემის საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

რუსეთი უკვე რამდენიმე თვეა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს სთხოვს, რომ წერილობითი გარანტიები მიიღოს იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. ალიანსის პასუხი კი ამაზე ერთიანია – ყველა ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს საკუთარი გზა.

საქართველოს კონსტიტუციაში წერია: ნატოს წევრობა, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend