მთავარისაქართველოპარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მიმართეს

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მიმართეს

დღეს, 4 მარტს რუსთაველის გამზირზე უკრაინაში ომის წინააღმდეგ შეკრებილებს საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა დისტანციურად მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
„მოგესალმებით, მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენ იქ ვიქნებით.
მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა! თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც საქართველოს ღირსებას წარმოადგენს! დიდი მადლობა ამისთვის!”.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: 
„სამი წუთი მაქვს ჩემი მიმართვისთვის. პირველი წუთი მინდა დავუთმო მათ, ვინც მტერთან ბრძოლაში დაეცა, ჩვენს ჯარისკაცებს, მეხანძრეთა რაზმებს, პილოტებს. მათ, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდა და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ბრძოლას. მოდით ქედი მოვიხაროთ მათი ხსოვნის წინაშე.
მეორე წუთი მინდა ჩვენს მოქალაქეებს დავუთმო, ასეულობით და ათეულობით ადამიანს, მოქალაქეებს, ბავშვებს რომლებმაც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირეს თავი. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
მესამე წუთს გითმობთ თქვენ, ევროპელ ხალხს. მინდა გითხრათ, რომ ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით ქუჩაში, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა მტკიცედ ვერ დადგება, ევროპაც ვერ შეძლებს მტკიცედ ყოფნას. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა.
გთხოვთ, ნუ იქნებით ჩუმად, ნუ აიფარებთ თვალებზე ხელებს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ. ეს ჩვენი თავისუფლების გამარჯვება იქნება, ეს იქნება სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ვიქნებით ისეთივე გაბრწყინებული როგორიც ევროპაა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. დიდება უკრაინას!”.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ადრესატები ერთდროულად იყვნენ ევროპის 7 ქალაქში – ფრანკფურტში, პრაღაში, ბრატისლავაში, ლიონში, პარიზში, თბილისსა და ვილნიუსში. უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილებს ზელენსკიმ  თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend