უკრაინაში ბრძოლები გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შავ ზღვაზე არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტი და ერთ-ერთი დიდი ქალაქი, ხერსონი, დაიკავეს.
ამავდროულად, რუსეთის სამხედრო ძალები აგრძელებენ უკრაინული ქალაქების დაბომბვას. უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, რუსული აგრესიის დაწყებიდან კონფლიქტს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.
ქალაქ ხერსონის მოსახლეობამ რუსი ოკუპანტების ხელში გაიღვიძა. შავ ზღვაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი პირველი დიდი ქალაქია, რომელსაც ახლა რუსები აკონტროლებენ.
რუსეთის არმია მომატებული სიხშირით ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. მარიუპოლის მერი თავდასხმებს “დაუნდობელს” უწოდებს.
დედაქალაქის მოსახლეობა თავშესაფრებშია ჩასული. ამავდროულად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტა, რომელსაც მიზნად ქალაქში არსებული მართვის ერთ-ერთი პუნქტი ჰქონდა ამოღებული.
უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ კონფლიქტს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ განადგურებულია ასობით შენობა, მათ შორის, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სახლები და სატრანსპორტო დაწესებულებები.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ბალტიის ქვეყნებსა და მოლდოვაში ვიზიტის წინ განცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, მიზანმიმართულად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას.
ანტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მსოფლიოს წარსულშიც უნახავს რუსეთის ომის ბრუტალური მეთოდები – მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, მათი დაშინება, მიზანში ამოღება.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციები გამოიწვია. შედეგებთან გასამკლავებლად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აგრძელებს შეხვედრებს რუსეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
ამავდროულად, დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია შემოწირულობებს აგროვებს მათთვის, ვინც წინა ხაზზე იბრძვის.
მოსალოდნელია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებასაც.