ხმაურიანი სხდომის, მოქალაქეებისა და ოპონენტი პოლიტიკოსების მკვეთრი კრიტიკის, ასევე საერთაშორისო გამოხმაურებების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ევროინტეგრაციის რეზოლუცია მიიღო.
ცამეტპუნქტიანი დოკუმენტი ევროინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა და ის ბიუროზე დამტკიცდა. დოკუმენტის პუნქტები აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალდებულებს გადადგას სწრაფი და შესაბამისი ნაბიჯები, რათა დაჩქარდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია. ევროკავშირს კი მოუწოდებს დაეხმაროს პარტნიორ საქართველოს მიზნის მიღწევაში.
„ჩვენ ველოდებით მსჯელობას ევროპულ საბჭოში, რომელიც არის 27 ქვეყნის პრემიერ- მინისტრის და პრეზიდენტის ორგანო, სადაც 27- ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი ამის მიღებას ან არმიღებას ერთხმად. თუმცა, ნურავის ექნება ილუზია, რომ საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა მზად არის წევრობისთვის. ჩვენ ამ გართულებული ვითარების და რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში ვიღებთ ევროპიდან რაღაც სიგნალებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სტატუსის (კანდიდატის) მიღების დასაჩქარებლად. რეზოლუცია არის ამ სიგნალებზე პასუხი, ხალხის წარმომადგენელი არის პარლამენტი და გვინდა გავაგონოთ ხალხის ხმა ევროკავშირს,”- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ რეზოლუციის მიღება საზოგადოების დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა. თუმცა, ხელისუფლებას გააკონტროლებენ, რათა დოკუმენტი მხოლოდ ტექსტად არ დარჩეს და შესაბამისი ნაბიჯები რეალურად გადაიდგას.
„რეზოლუციის პროექტი წარადგინა უმრავლესობამ ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე, ამიტომ მე მექნება შენიშვნები ტექსტთან დაკავშირებით, საკმაოდ სუსტია ის ტექსტი, რაც უმრავლესობამ მოამზადა. როცა ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში ვართ, გაუგებარია რეზოლუცია, რომელიც ახალს არაფერს ამბობს, გაუგებარია, რა პოლიტიკური სიგნალია ეს ან ჩვენი პარტნიორებისთვის დასავლეთში ან ქართველი ხალხისთვის. რეზოლუციის მიღებას აქვს აზრი, როცა იქ არის მკაფიო პოლიტიკური პოზიციები ასახული და მკაფიო მითითებებია გაცემული აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. მე ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ ვხედავ, ეს საკმაოდ სუსტი ტექსტია. კიდევ ერთი პარადოქსი მსურს საზოგადოებამ შეამჩნიოს, რეზოლუციის ტექსტში არის საუბარი სანქციებზე, ხელისუფლება აღმოჩნდა ამ პარადოქსულ ვითარებაში, როცა თავად ცალსახად აცხადებს ღარიბაშვილი, რომ არავითარ სანქციებს აზრი არ აქვს რუსეთის წინააღმდეგ და ამის პარალელურად, წარმოდგენილ რეზოლუციაში საუბარია სანქციებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. როცა შენ დასავლეთს სთხოვ დახმარებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და სთხოვ მათ შორის სანქციების რეჟიმის გაძლიერებას და მეორე მხრივ გყავს პრემიერი, რომელიც აცხადებს, რომ არანაირ სანქციებს აზრი არ აქვს და შესაბამისად, არანაირ სანქციებს საქართველო არ მიუერთდება, ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის აბსურდული დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის და დაშორებული იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც დღეს დასავლეთში არსებობს,“ – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე წარადგინა. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მაინც დადებითად აფასებენ გადადგმულ ნაბიჯს. რა ქმედითი გაგრძელება მოჰყვება, თაბახის ფურცელზე დატანილ უმნიშვნელოვანეს ტექსტს საქართველოს რეალური ევროპული მომავალისთვის, ამას ახლო პერიოდი აჩვენებს.
ალეკო გვეტაძე