კიევში დღეს, 25 თებერვალს დილით აფეთქების ხმა ისმოდა, თუმცა უცნობია მისი ზუსტი წარმოშობა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 137 მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო.
“ჩვენ მარტო ვართ ჩვენი ერისა და ქვეყნის დასაცავად. ვინ არის მზად, რომ ჩვენთან ერთად იბრძოლოს? მე ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად უკრაინას ნატოში გაწევრიანების გარანტია მისცეს? ყველას ეშინია”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთმა აიღო კონტროლი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. ადგილობრივი მედიის, ცნობით, არმიამ ელექტროსადგურის პერსონალი მძევლად აიყვანა.
“მძევლების აყვანა უკანონო და სახიფათოა. ამან შეიძლება შეაფერხოს სამოქალაქო სამსახურის ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ბირთვული ნარჩენების ობიექტის შესანარჩუნებლად და დასაცავად. რაც ახლა უკრაინაში ხდება, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ვითხოვთ , რომ სამხედროებმა მძევლები გაათავისუფლონ”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.
ვერავინ იტყვის, რა არის პუტინის საბოლოო განზრახვა, უკრაინის რა ნაწილის დაპატრონება სურს.
“ის, რაც ახლა ხდება, არის იძულებითი ზომები. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის არმია მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას ხვდება.უკრაინის მთავრობამ 18-დან 60 წლამდე ყველა მამაკაცს უბრძანა ქვეყანაში დარჩენა და სამშობლო დაცვა.