მთავარი საქართველო საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ უფრო ნაკლები მოქალაქე იცრება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ უფრო ნაკლები მოქალაქე იცრება

საქართველო ვაქცინაციის ტემპით ჩამორჩება აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთს, ირანს...

საქართველოში ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები ადამიანი იცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3 ათასამდე პირმა გაიკეთა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც ქვეყნის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებელზე ბევრად დაბალია. საქართველო ვაქცინაციის ტემპით ჩამორჩება აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთს, ირანს… სპეციალისტები ამბობენ, რომ თუკი მიმდინარე წელს მოსახლეობის მინიმუმ 70% არ იქნება აცრილი – პანდემიის მართვა გართულდება.

ვაქცინაციაზე უარს ბევრი მიზეზი აქვს – სწორედ ამიტომ, დიდი ხანია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვაქცინაციის ცენტრი თითქმის ცარიელია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტის აცრას ითვალისწინებდა, ჩავარდა. 2022 წლის 22 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლების მხოლოდ 31 პროცენტია სრულად აცრილი.

„როდესაც ვსაუბრობთ ომიკრონის ტალღასა და მის გავრცელებაზე, ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად არის შესაძლებელი ქვეყანა გაუმკლავდეს ვირუსის ახალ მუტაციას, ეს არის სწორედ ვაქცინაციის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია ის, თუ მოსახლეობის რამდენი პროცენტია ორჯერადად ვაქცინირებული. ამ თვალსაზრისით, საქართველოსა და ევროპის ყველა ქვეყანას შორის პრაქტიკულად ძალიან დიდი განსხვავებაა. ქვეყნები, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების, თუ საერთოდ გაუქმების შესახებ, თუნდაც მწვანე პასპორტებთან მიმართებით, ამის უკან დგას მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი“, – ამბობს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსი ხელმძღვანელი და იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ექიმი ივანე ჩხაიძე.

საქართველოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში იყო. ამის შემდეგ აცრის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ექიმები კი ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას გართულებებისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების მთავარი საშუალება, კვლავ ვაქცინაა.

„ბევრი კვლევაა ჩატარებული, რომელიც გვაჩვენებს, რომ ომიკორონის შემთხვევაშიც თუ ადამიანი ვაქცინირებულია სრულად, იგულისხმება ბუსტერ დოზის ჩათვლით, მძიმე მიმდინარეობის რისკები დაახლოებით 70-დან 80 პროცენტამდე მცირდება. ასევე, მცირდება ინფიცირების რისკებიც“, – ამბობს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

2022 წლის 22 თებერვალს საქართველოში 3 294 მოქალაქე აიცრა. თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის ეს ტემპი შენარჩუნდება, იმუნიზაციის ეროვნული გეგმა, შესაძლოა წელსაც ჩავარდეს. ამ გეგმის მიხედვით, 2022 წლის ივნისის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული. ახლა მთავარია, მოქალაქეებმა არ დაიჯერონ მოსაზრება, რომ ვაქცინა არ მუშაობს.

ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend