მთავარისაქართველოეუთო/ოდირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აფასებს

ეუთო/ოდირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აფასებს

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტის მიერ არის არაკონსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება”, –  ეუთო/ოდირის დასკვნა საზოგადოებას საქართველოს სახალხო დამცველმა გააცნო. ნინო ლომჯარიამ გაასაჯაროვა კიდევ ერთი საერთაშორისო დონის შეფასება, სადაც წერია:

“ამ პროცესით მიღებული მსგავსი ცვლილებები, რაც აუქმებს დამოუკიდებელი ხელმძღვანელი პირის ვადას და რომელიც მიღებული იქნა ყოველგვარი ჩართულობის კონსულტაციის რაიმე კვლევების და დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებასა და საქმიანობაზე. ამიტომ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება უნდა შეჩერდეს“.

“ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს და ვთხოვეთ მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში, წარმოედგინათ მოსაზრება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც აუქმებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატს. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ ფორმით ასეთი ცვლილებები არის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო. ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე”, – აცხადებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია.

ეუთო/ოდირის შეფასება და რეკომენდაციები ახალი არ არის ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორისთვის. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ეს შეფასება კიდევ ერთი დადასტურებაა, ყველა სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრიტიკული გამოხმაურების, თუმცა მმართველი გუნდისგან გადაწყვეტილების ცვლილების იმედი არ აქვს.

„არ დარჩა არცერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელსაც თავისი ხისტი და პრინციპული პოზიცია არ გამოეხატა ამ პროცესებთან დაკავშირებით. მე ვერ გეტყვით, რა მნიშვნელობა ექნება ეუთო/ოდირის ამ დასკვნას პარლამენტისათვის, თუმცა ვიცი რომ მათთვის ეს წონიანი ორგანიზაციაა. საქართველოს პარლამენტი არაერთხელ დაყრდნობია თავისი საქმიანობის პროცესში ეუთო/ოდირის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ახლაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ მათგან აქვს რეკომენდაცია შეაჩეროს პარლამენტის გადაწყვეტილება. თუმცა, პარლამენტს მყარად აქვს გადაწყვეტილი რომ გააუქმოს ჩვენი უწყება და სამწუხაროდ, ნაკლებად მჯერა რაიმეს ცვლილების“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ეუთო/ოდირის შეფასება, მკაცრი  პასუხია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების მიმართ – კონსტიტუციის სახელით გააუქმოს დამოუკიდებელი უწყება და მის ნაცვლად ახლადშექმნილი სამსახურები პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებაროს.

„ეუთო/ოდირის დასკვნა ფაქტობრივად ადასტურებს იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ, სამოქალაქო სექტორი თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ამბობდნენ მმართველი გუნდის გადაწყვეტილების შესახებ. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი უწყების ნაჩქარევად ჩამოყალიბების შესახებ, ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, სტანდარტს და რაც მთავარია, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს“, – განაცხადა „საიას“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სახალხო დამცველის კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულად კონსტიტუციურია.

“საზოგადოებას შევახსენებ, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კიდევ უფრო ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგება და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სრული დაცვით!

ცნობილია, რომ სახალხო დამცველმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად მიმართა ეუთო/ოდირს.

ამ მიმართვამდე სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტთან არ ჰქონია კონსულტაცია და არ დაინტერესებულა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ჩვენ ხელთ არსებული კანონმდებლობის ანალიზით. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია იმ შეკითხვების შინაარსი, რაც სახალხო დამცველის ოფისის მიერ იქნა წარდგენილი ეუთო/ოდირისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

სახალხო დამცველს, ისევე როგორც სხვა თანამოაზრეებს ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი აქვს, რომ ერთი კვირის ვადაში დროებითი ღონისძიების გამოყენებით შეაჩეროს პარლამენტის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ოფიციალურად შეწყვეტს მუშაობას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend