უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ, ხარკოვში ვითარებას აკონტროლებს. უსაფრთხოების ადგილობრივი სამსახურის უფროსის რომან დუდინის განცხადებით, ხარკოვის სიახლოვეს პრო-რუს სეპარატისტებს 13 ათასი ჯარისკაცი და ასევე მძიმე შეიარაღება აქვთ კონცენტრირებული.
”ხარკოვთან ახლოს, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მტრის გადაადგილებას ვაკვირდებით. ზუსტად ვიცით, რამდენი ტანკი და თვითმავალი არტილეერის ერთეული ჰყავთ. კარგად ვუწყით, მათ სამოქმედო გეგმის შესახებაც”, – აცხადებს რომან დუდინი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ქალაქ ხარკოვში.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა მისი სახელმწიფოს სამხრეთში, უკრაინასთან სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს და კიევიდან 75 კილომეტრის დაშორებით, მიმდინარე ერთობლივ რუსულ ბელარუსულ სამხედრო მანევრებს დაესწრო. სამხედრო მანევრებში მონაწილეობს მძიმე სამხედრო ტექნიკა და სადესანტო ძალები. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, მინსკი და მოსკოვი ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ.
”უკრაინაში ნაციონალისტები თუ რაიმე პროვოკაციას არ მოაწყობენ ჩვენ ბრძოლას არ ვაპირებთ, მაგრამ მოსახლეობამ დაძაბული ვითარების შესახებ უნდა იცოდეს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება გამწვავდეს. ისინი ჩვენ სამხედრო დრონებით და საჰაერო ხომალდებით ან ვერტმფრენებით მუდამ გვამოწმებენ, ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით არ იბრძვიან“, – ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.
ამერიკელი და რუსი დიპლომატები კი ერთმანეთს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე დაუპირისპირდნენ, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის კრიზისის დეესკალაციისთვის მუშაობას.
”ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობის განმუხტვისათვის განაგრძობს მუშაობას, იგივეს ცდილობს უკრაინაც. როგორც იცით, ევროპელი მოკავშირეები და ნატოს წევრი სახელმწიფოები, ყველა ვთანხმდებით რომ გაეროს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს”, – მიიჩნებს ლინდა თომას გრინფილდი აშშ – ის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
კრემლის ელჩმა გაეროში კი განაცხადა, რომ მოსკოვი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
”გამუდმებით ისმის საუბარი გაერთიანებული ერების ქარტიაზე, ჩვენი სუვერენული უფლებაა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენი ჯარები იქ იმყოფებიან, სადაც ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ, ეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვისთვის კეთდება,” – აცხადებს სერგეი ვერშინინი, რუსეთის ფედერაციის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა კი ამერიკელ კოლეგას ვარშავაში უმასპინძლა, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის ვიზიტი პოლონეთსა და რუმინეთში ამერიკული ჯარების გადასროლას ემთხვევა. “მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ჯარების უკანდახევის შესახებ გააკეთა განცხადება, სინამდვილეში ადგილზე უფრო მეტი რუსული სამხედრო მობილიზაციის მოწმენი ვართ. რუსული სამხედრო შენაერთები მოქმედებენ ისე, როგორც თავდასხმის წინ ნებისმიერი სამხედრო ძალა”, – ირწმუნება ლოიდ ოსტინი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი.
ნატოს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში ბერლინის შემდეგ უკვე მადრიდი აგზავნის სამხრეთ ევროპაში სამხედრო საჰაერო მოიერიშეებს.
ბულგარეთის ტერიტორიაზე 4 ესპანური EF ტიაფუნი 2 ტიპის სამხედრო საჰაერო მოიერიშე გაიგზავნა.
მომავალი ერთი თვის განმავლობაში ბულგარეთში 130 – მდე ესპანელი სამხედრო პილოტი გაიგზავნება როტაციის წესით.