მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტს სამი ოპოზიციონერი დეპუტატი დაემშვიდობა

საქართველოს პარლამენტს სამი ოპოზიციონერი დეპუტატი დაემშვიდობა

მრავაალსაათიანი პოლიტიკური დებატების შემდეგ, 15 თებერვლის სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება მმართველ პარტიას უკვე მიღებული ჰქონდა. კენჭისყრით კი მისი აღსრულება მოხდა.

ბადრი ჯაფარიძე 77 – მომხრე; 38 – წინააღმდეგი;

შალვა ნათელაშვილი 79 – მომხრე; 28 – წინააღმდეგი;

ელენე ხოშტარია 77 – მომხრე; 9 – წინააღმდეგი;

პარტია “ლელოს” პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს.

“ეს მეორედ ხდება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველად სადეპუტატო უფლებამოსილება სახელმწიფო გადატრიალებამ შემიწყვიტა, ახლა მიტაცებულმა სახელმწიფომ. ეს არის შედეგი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო არის მიტაცებული, შესაბამისად, გადაწყვეტილება, რაც მიიღება არის უკანონო, უსამართლო, ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო”, – თქვა ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ.

პოლიტიკური განაჩენის მორიგი ტალღა და ბრძოლა ოპოზიციის წინააღმდეგ – ასე აფასებენ კოლეგა პოლიტიკოსები ბადრი ჯაფარიძის მიმართ მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არის უკანონო. ეს გადაწყვეტილება ნათლად ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის. „სწორედ ამ საკითხის რეალურობის შემდეგ წარმოიქმნა ოპოზიციონერებისთვის მანდატის შეჩერების საკითხი. ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ სურს შეასუსტოს ოპოზიციური ფლანგი ამ ორგანოში. ამის მიუხედავად, ოპოზიციაში არის რესურსი, რომ ერთმანეთთან ვისაუბროთ“, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტი მხოლოდ კონსტიტუციის მოთხოვნებს ასრულებს – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას მიღმა პოლიტიკური ინტერესი უარყო და გამორიცხა.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რაც არის დასაბუთებული, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. გახსოვთ, რამდენად რთული და ცხელი იყო ვითარება ერთი წლის წინ და ამ ცხელი ვითარების შემოქმედთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პირები, რომლებსაც დღეს შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, ესენი არიან ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე და შალვა ნათელაშვილი. ჩვენ მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მათი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ჩვენი მიზანი იყო ქვეყნის დამშვიდება და გვიწევდა მათთან დაპირისპირება, რომ ქვეყანას შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ამ კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ რა თქმა უნდა ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოკლე პოსტში პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, ის არ ეთანხმება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!

საარჩევნო სია ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, “ევროპულმა საქართველომ“, “ლეიბორისტულმა პარტიამ“, “სტრატეგია აღმაშენებელმა“ და “ლელომ“ ჩახსნა. ამიერიდან პარლამენტი დეპუტატების არასრული შემადგენლობით – 150-ის ნაცვლად 145 წევრით გააგრძელებს საქმიანობას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend