უკრაინის მთავრობა რუსეთისა და ვენის დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსულ მხარეს უკრაინის ოფიციალურ მიმართვაზე რეაგირება არ ჰქონია. უკრაინა ითხოვს, რომ შეხვედრა მომდევნო 48 საათში გაიმართოს. ხელისუფლებას სურს, გაიგოს, რა გეგმები აქვს რუსეთს.
რუსეთი არ ადასტურებს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს. თუმცა უკრაინის საზღვარზე 100 000 რუსი ჯარისკაცის მობილიზაცია უკრაინულ მხარეს ბევრ კითხვას უჩენს.
დასავლური ქვეყნები კი მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დღეს შეიჭრას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ სხვა ქვეყნებმა თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს. ამერიკის შეერთებული შტატები კი ამერიკელების კიევიდან გაყვანას მომდევნო 48 საათის განმავლობაში აპირებს.
უკრაინის პრეზიდენტი კვირას პრეზიდენტ ბაიდენს ესაუბრა. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
სწორედ ამ მიზნით ეწვია გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევს, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება. შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში გაემგზავრება.
„მნიშვნელოვანია, ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ჩვენ გვექნება მკაცრი პასუხი. ნატოსა და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია რუსეთს სანქციები დაუყონებლივ დავუწესოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
რუსეთი კი ამტკიცებს, რომ უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზების მიზანი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსანმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის შეშფოთება ომის დაწყებასთან დაკავშირებით „ისტერიის პიკს“ აღწევს.