მთავარი საქართველო სამთავრობო ცვლილებები: ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის

სამთავრობო ცვლილებები: ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ცვლის. ამის შესახებ დღეს, 9 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი ამ დრომდე იკავებდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს.

ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრიც წარადგინა.

“მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები“, – განაცხადა ნათია თურნავამ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალი მინისტრი წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

„ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ლევან დავითაშვილი. მას დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან ყველა იცნობს მასაც და მის საქმიანობასაც. ლევანი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმატებული მინისტრი. ბოლო 5 წელი ის ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შემდეგ კი სიტყვა გადაეცა ნათია თურნავას, რომელმაც მისი მინისტრობის სამ წელზე ისაუბრა.

„ეს სამი წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო, მაგრამ რთული იყო. მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკის ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რომლებმაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანები, გეგმები და ვალდებულება მოსახლეობასთან, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ და შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალება“, –  განაცხადა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას“, – თქვა ოთარ შამუგიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გარდა სამთავრობო ცვლილებებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დანიშნა.

ანანო ღუდუშაური

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend