მთავარისაქართველოქართული თაფლი ევროპაში

ქართული თაფლი ევროპაში

კახაბერ ზირაქაშვილი სტუდენტი იყო, როდესაც მეფუტკრეობა შეუყვარდა. თავდაპირველად ბიძას ეხმარებოდა სკების მოვლაში, მოგვიანებით კი თავადაც შეიძინა ორი ოჯახი ფუტკარი. ახლა კახაბერს უკვე 1 000 ოჯახამდე ჰყავს, აწარმოებს თაფლს და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებს, თუმცა პროდუქცია ექსპორტზე არ გააქვს, ამბობს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით არ უღირს.

„ევროკავშირის ქვეყნებში და მსოფლიო ბაზარზე რომ გახვიდე, ამისთვის საჭირო არის ერთგვაროვანი მონოფლორული თაფლის საკმაოდ დიდი რაოდენობა მინიმუმ 20 ტონა მაინც. ეს კი ინდივიდუალური მეწარმისთვის რთულად მისაღწევია. ამის გამო, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, მწარმოებლიდან შუალედური რგოლი გუნდა გამორიცხოს. ქარხანა უნდა იბარებდეს ნედლეულს, ამუშავებდეს და სასაქონლო სახეს აძლევდეს“, — აცხადებს კახაბერ ზირაქაშვილი.

Copyright/ Euronews Georgia

[br]საქართველოში მეფუტკრეები უფრო გლობალური გამოწვევების წინაშეც დგანან.

„როგორც მთელ მსოფლიოში, ფუტკრის ოჯახების ყოლა საკმაოდ პრობლემატურია. გლობალური ცვლილებები, ეს იქნება სათბურის ეფექტი თუ კლიმატის ცვლილება, ძალიან მოქმედებს ფუტკრის ოჯახებზე“, — ამბობს კახაბერი.

სირთულეების მიუხედავად, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2021 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი მოცულობის თვალსაზრისით თითქმის 700 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტირებული თაფლის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში გაიგზავნა.

თაფლის ექსპორტისათვის სპეციალური სერტიფიკატის მოპოვებაა საჭირო.

„საწარმო, სადაც თაფლი უნდა დაიწუროს და ეტიკეტი დაედოს, ექვემდებარება აღიარებას კანონმდებლობის წესით, რადგანაც თაფლი ცხოველური წარმოშობის სურსათია, ვიდრე საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას, ჩვენ მივდივართ და  კონტროლს ვახორციელებთ. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, რის გარეშეც ბიზნესოპერატორი თაფლს ვერ აწარმოებს, ექსპორტზე საუბარიც ზედმეტია, არის ის, რომ გადამამუშავებელ საწარმოში დანერგილი უნდა იყოს ჰასპის სისტემა“, — აცხადებს სურათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი.

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტის თეიმურაზ ღოღობერიძის განცხადებით, საჭიროა თაფლის წარმოების მასშტაბების გაზრდა.

„მთავარი დაბრკოლება, რაც არ უნდა უცნაურად მოსჩანდეს, არის ჩვენს მეფუტკრეებში ცოდნის დაბალი დონე, ეს შეიძლება გასაკვირად მოგეჩვენოთ, რადგან ძალიან ბევრი მეფუტკრეა, მაგრამ ისინი არიან წვრილი მეფუტკრეები და თავის მამაპაპური მეთოდებით მუშაობენ ამ ფუტკართან. ეს არ იძლევა საშუალებას, რომ დიდი რაოდენობით იაფი პროდუქცია ვაწარმოოთ. ჩვენ თუ გვინდა რომ მსოფლიო ბაზარზე გავიდეთ, უნდა გვქონდეს დიდი ფერმები და ეს სფერო სამრეწველო მეფუტკრეობის რელსებზე უნდა გადავიყვანოთ“, — აცხადებს საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ღოღობერიძე.

თეიმურაზ ღოღობერიძის მრავალი სახეობისა და წარმოშობის თაფლი გაუსინჯავს და მიაჩნია, რომ ქართულ თაფლს, თავისი გამორჩეული არომატითა და გემოთი ევროპის ბაზარზე კარგი მომავალი აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend