მთავარიევროპაუკრაინაბელარუსის ხელისუფლება უკრაინის საზღვართან ჯარებს აგზავნის

ბელარუსის ხელისუფლება უკრაინის საზღვართან ჯარებს აგზავნის

მოსკოვში მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის მზადებას უარყოფენ, მაგრამ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო კი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას განაგრძობენ.

ნატოს წარმომადგენელთა განცხადებით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე თავდაცვას აძლიერებენ, ვაშინგტონში 9 ათასამდე ჯარისკაცის სასწრაფო წესით ევროპის კონტინენტზე გადასროლისთვის მზადყოფნის ბრძანება გაიცა.

“უკრაინაზე რუსული თავდასხმის შემთხვევში ჩვენი პასუხი იქნება სწრაფი, ხისტი და ერთიანი, ეს იქნება აქამდე არნახული პასუხი. ჩვენ მზად ვართ, იმ ზომების მიღებისათვის, რომელთა გამოყენებისგანაც 2014 წელს თავი შევიკავეთ“,  – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპა ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე სახიფათო ეტაპზე იმყოფება.

“ევროპა საფრთხეშია და ვისურვებდი ეს ასე არ ყოფილიყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული ვითარება უარესდება და ვშიშობ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე სახიფათო ეტაპზე ვიმყოფებით. ევროპის კონტინენტზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხე არსებობს. რუსული არმიის 100 ათასი ჯარისკაცია უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან თავმოყრილი. მოსკოვი ღიად იმუქრება და სასწორზე უკრაინის ბედი და ევროპული უშიშროება დევს“, – მიიჩნევს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა კი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო მანევრები უკრაინის საზღვართან მისი სახელმწიფოს ჯარების განლაგების მიზნით გამოსადეგი პროცესია.

“ეს სამხედრო მანევრები ჩვენი ჯარების სამხრეთით, უკრაინის საზღვართან განლაგებას ემთხვევა. იძულებული გავხდი, ეს გადაწყვეტილება მიმეღო, რადგან მდგომარეობა უკრაინის საზღვრებთან ისევე მძიმეა, როგორც პოლონეთის საზღვართან. იარაღის უკანონო გადატანის უამრავი შემთხვევა აღვკვეთეთ, ეს იარაღი უკრაინიდან შემოდიოდა“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრემლმა უკრაინაზე თავდასხმა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დაიწყოს, მათ შორის ბელარუსიდან.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend