საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც უკვე 2 წელია ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული, გუშინ ირანის რევოლუციური სასამართლოს წინაშე წარდგა.
ბენჟამინ ბრიერი 2019 წელს ისლამურ რესპუბლიკაში, როგორც ტურისტი, ისე ჩავიდა. მან დრონით უამრავი ფოტო გადაიღო, რამაც ირანის ხელისუფლება დააეჭვა. მას ეროვნულ პარკში აკრძალული კადრების გადაღებაში სდებდნენ ბრალს. იგი 2020 წლის მაისში დააკავეს და დღემდე დაპატიმრებულია.
მისი ნათესავები არ ეთანხმებიან წაყენებულ ბრალდებას და მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ბოლო ინფორმაციით, ბრიერი, რომელიც დეკემბრიდან შიმშილობს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან დასუსტებულია.
2020 წლის მაისში უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებიც დააკავეს, მათ შორის იყო ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფრანკოირანელი მკვლევარი ფარიბა ადელხა, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება ედებოდა ბრალად.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ბრიტანელ-ირანელ ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს უკავშირდება, რომელიც „ტომსონ როიტერის ფონდში“ პროექტის მენეჯერად მუშაობდა. იგი პატიმრობაში 2016 წლიდან იმყოფება. ნაზანინის მეუღლე რიჩარდ რატკლიფი მისი გათავისუფლებისთვის ამ დრომდე იბრძვის.
სავარაუდოდ, ირანში კიდევ ათობით უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. მათ უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი გმობენ ირანის ე.წ. მძევლად აყვანის პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება საერთშორისო ძალებზე ზემოქმედებისთვის იყენებს.