მთავარიმსოფლიოOXFAM: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები კიდევ უფრო გამდიდრდნენ

OXFAM: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები კიდევ უფრო გამდიდრდნენ

კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუწყო ისედაც შეძლებული ადამიანების გამდიდრებას, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ყოფა კი უფრო მეტად გართულდა. ამის შესახებ ნათქვამია საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ანგარიშში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაბალი შემოსავალი ყოველდღიურად 21 000 ადამიანის გარდაცვალების  მიზეზი ხდება.  ანგარიშში ასევე წერია, რომ მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება მინიმუმ გაორმაგდა. „ოქსფამი“ თავის ანგარიშს დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმამდე აქვეყნებს ხოლმე. შეხვედრას, როგორც წესი, ათასობით კორპორატიული და პოლიტიკური ლიდერი, ჟურნალისტი, ეკონომისტი და ცნობილი სახე ესწრება.

ორგანიზაცია „ოქსფამის“ საერთაშორისო აღმასრულებელი დირექტორის გაბრიელა ბუშერის აზრით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, მილიარდერები კოსმოსში დაფრინავენ, ხალხის უმეტესობა კი პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაშია.  გაბრიელა ბუშერს მიაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ უმდიდრესი ადამიანების დაბეგვრაა, რადგან ამ გზით შესაძლებელია რესურსების შექმნა ისეთი პრობლემის მოსაგვარებლად, როგორიცაა, მაგალითად, წვდომა ჯანდაცვისა და სხვა სერვისებზე.

„ფორბსის“ მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიები არიან ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბერნარ არნო, ბილ გეიტსი, ლერი ელისონი, ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი, მარკ ცუკერბერგი, სტივ ბალმერი და უორენ ბაფეტი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთობლივი ქონება 700 მილიარდიდან 1.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მათ შორის მაინც არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, მაგალითად,  ილონ მასკის ქონება 1000 პროცენტით, ხოლო ბილ გეიტსის მხოლოდ 30 პროცენტით გაიზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend