მთავარისაქართველო"შერეკილები" სცენაზე

“შერეკილები” სცენაზე

დღეს, 14 იანვარს  ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით სხვადახვა ღონისძიება გაიმართა. მათ შორის რამდენიმეს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლმა უმასპინძლა. იქ კიდევ ერთხელ გაიხსენეს რეზო გაბრიაძე… “აზდაკის ბაღის” თეატრის დასმა  შერეკილები დადგა. ამ თეატრის მსახიობები ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, თუმცა მათთან ერთად ამჯერად მოწვეული მსახიობებიც იყვნენ.

ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღმა“ ფილმი „შერეკილების“ სახეცვლილი ვერსია წარმოგვიდგინა. წარმოდგენა მწერალი და სცენარისტის რეზო გაბრიაძის ხსოვნას მიეძღვნა. სპექტაკლში პერსონაჟები თითქმის არ საუბრობენ და სათქმელს კომიკური სცენების საშუალებით გადმოსცემენ. რეჟისორი ივანე ბაჩო გაბრუაშვილი ამბობს, რომ მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო შეზღუდული შესაძლებლობების თოჯინა აღმოჩნდა, რომელიც მაყურებელმა სპექტაკლის დაწყებისთანავე იხილა.

“სპექტაკლში ჟესტური ენით ვსაუბრობთ. მუნჯი კინო თუ გახსოვთ, სწორედ აი ასეთი ხერხი გამოვიყენეთ სპექტაკლში.”- ამბობს სპექტაკლის რეჟისორი ივანე ბაჩო გაბრუაშვილი.

სპექტაკლში სპეციალური საჭიროებების მქონე მსახიობებთან ერთად მოწვეულმა მსახიობებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათი თქმით, სპექტაკლი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ფილმის „შერეკილების“ ზუსტი ანალოგი არ არის, ეცადნენ მაქსიმალურად გადმოეცათ ის, რისი თქმაც მწერალსა და სცენარისტს რეზო გაბრიაძეს სურდა.

“რადგან არ არის ფილმის კოპირებული ვარიანტი და არის სრულიად ახლებური და განსხვავებული ხედვით გაკეთებული სპექტაკლი, რადგან ეს არის კლოუნადა, “შერეკილები” კლოუნადაში ცოტა უცნაურია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მაყურებელი ამ ყველაფერს კარგად მიიღებს.”- ამბობს მსახიობი შორენა ზუბიაშვილი.

“თეატრი ჩემთვის სიყვარული და ბედნიერებაა. მინდა, რომ ამ სპექტაკლში კარგად ვითამაშო და მეტი გამოცდილება მივიღო.”- განაცხადა მსახიობმა გიგო შიუკაშვილმა.

“საკმაოდ საინტერესო როლი მაქვს, მამის როლს ვთამაშობ. ჩემი თოჯინაც შექმნეს და ძალიან ამაღელვებელი იყო რეპეტიციების პროცესი.” – ამბობს მსახიობი ირაკლი მათეშვილი

ამჯერად მსახიობები მცირე აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ. სპექტაკლის პრემიერა იანვრის ბოლოს იგეგმება. რეჟისორი ივანე ბაჩო გაბრუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მაყურებელს აზდაკის ბაღის მიერ შექმნილი შერეკილები დიდხანს ემახსოვრება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend