მთავარისაქართველოსაქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა - Human Rights Watch

საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა – Human Rights Watch

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს და მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა. ანგარიშში საუბარია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადოდ გამოძიებაზე, მედიის თავისუფლების ხარისხზე, სექსუალური და გენდერული იდენტობის პრობლემებზე, ბავშვთა უფლებებზე და სხვ. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ 2021 წელს შეშფოთებას იწვევდა პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მცდელობა.

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2021 წლის ანგარიშში წერია, რომ გასულ წელს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა დაშინებისა და თავდასხმის ფაქტებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებული ჰომოფობიური ძალადობის დროს, სიძულვილის გამომხატველი ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის სულ ცოტა 53 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ამ დოკუმენტში საუბარია ლექსო ლაშქარავაზეც.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით, „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამ ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშში საუბარია სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზეც, სადაც ნათქვამია, რომ 5 ივლისს ლგბტქ+ თემის უფლებები სახელმწფომ სათანადოდ ვერ დაიცვა.

„მათი უსაფრთხოების და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირება“ შეიძლება გამოეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში. მედიის უამრავი რეპორტაჟის თანახმად, პოლიციელთა მცირე ჯგუფები ადგილზე იყვნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ინცინდენტების ეფექტიანად აღკვეთა“ – წერია საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

უფლებდამცველი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევების გამო, საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად დარჩა.

„2021 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველის სამსახურმა 133 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე და ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს – დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. თებერვალში პოლიციამ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა დაუმორჩილებლობის ბრალდებით, როდესაც სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს კარავი წაართვა, რასაც იქ შეკრებილ აქტივისტებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა“ – წერია დოკუმენტში.

Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა 2021 წის თვითმმართველობის არჩევნებიც, სადაც მოყვანილია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება და ნათქვამია, რომ მუნიციპალური არჩევნები კონკურენტული და „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული“ იყო, მაგრამ „ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და არათანაბარი პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კი „რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი“ და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა მმართველ პარტიას დამატებით აძლევდა ხელს და არათანაბარ საასპარეზო პირობებს ქმნიდა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend