მთავარისაქართველოდაჭრილ მებრძოლთა დასახმარებლად

დაჭრილ მებრძოლთა დასახმარებლად

2021 წელს "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" შემოწირულებებმა კერძო ბიზნესის მხრიდან 730 000 ლარამდე შეადგინა

„ეს ის მომენტია, როცა ქართული სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მოვიდნენ ჩვენთან. ამ დღემდე სამი დღით ადრე დაგვეჭრა ერთი ბიჭი, მათ მისი დახმარება სურდათ“, – იხსენებს აფხაზეთის ომის ვეტერანი თამაზ ინალიშვილი.

ახსოვს… ყველა ის ამბავი ახსოვს, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. ომამდე პერიოდიც და მერეც. როგორც ამბობს, ომის შემდეგ აფხაზეთისკენ გახედვა უჭირს – მძიმეა ჩემთვის ოჩამჩირეში ჩემი სახლის დედაჩემის გარეშე წარმოდგენა და იმის ცოდნა, რომ იქ, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული, ვერ ვბრუნდებიო. ეს ის ერთადერთი ვიდეოკადრია, რომელიც ომის პერიოდიდან შემორჩა. „მეგობარმა გამომიგზავნა, ვიღაცას ჰქონია არქივში“, – ამბობს 64 წლის არის თამაზ ინალიშვილი, და გუშინდელი დღესავით ახსოვს ომი, შავებში ჩაცმული მეგობრების დედები და აფეთქება, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

„მე მახსოვს აფეთქების ხმა, შემდეგ აზრზე რომ მოვედი, უკვე ზურგზე ვიწექი. ავტომატი ხელში მეჭირა. რომ წამოვჯექი, ვნახე, რომ ორივე ფეხი გაგლეჯილი მქონდა“, – ამბობს თამაზ ინალიშვილი.

ექიმებმა შეძლეს, მისთვის მარჯვენა ფეხი შეენარჩუნებინათ, თუმცა მას შემდეგ 241-ე ბატალიონის მეთაური თამაზ ინალიშვილი თვეების განმავლობაში გადიოდა რეაბილიტაციის კურსს.  აფეთქებიდან 8 თვის შემდეგ კი კვლავ წამოდგა ფეხზე და სიარულის სწავლა ხელახლა დაიწყო. მას შემდეგ არც გაჩერებულა. ამბობს, რომ დღეს პროტეზიანი ფეხი ისე არ აწუხებს, ვიდრე ის, რომელიც შეუნარჩუნეს, რადგან ექიმებმა ფეხის მხოლოდ 30%-ის გადარჩენა შეძლეს, რამაც დროთა განმავლობაში გარკვეული პრობლემები გამოიწვია, მათ შორის სიარულის დროს ტკივილი. ხოლო რაც შეეხება ფეხის პროტეზს, ის „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2021 წელს სრულად დაუფინანსა.

„მათი დახმარება ჩემთვის ბრილიანტის სახლი იყო, იმიტომ, რომ უპროტეზოდ მე არაფერი  ვარ. ვერც დავდივარ და ვერაფერი. ეს იყო ჩემთვის დიდი დახმარება“, – ამბობს თამაზ ინალიშვილი.

თამაზ ინალიშვილის გარდა, 2021 წელს ფონდი კიდევ 80 დაჭრილ მებრძოლს დაეხმარა. მათ შორის არის ნორა არღვლიანი, რომელიც 1993 წლიდან 2006 წლამდე კოდორის ხეობის დასაცავად იბრძოდა.

„სმენა დამეკარგა. კანტუზია მივიღეთ დაბომბვების გამო. ყველა ცხელ ადგილას ჩვენ ვიყავით. ერთი პერიოდი მე ვხელმძღვანელობდი, აქ დაარტყით, იქ დაარტყით-მეთქი, ვეუბნებოდი. რას ლაპარაკობთ, ამდენი ნერვიულობა – ადამიანი ხარ, ქვა ხომ არ ხარ. ყველაფერი ნერვებია. მხედველობაც მომესპო მერე, მაგრამ მხედველობა დამიბრუნდა და სმენა დავკარგე. ახლა  ყველაფერს განვიცდი, ძალიან ემოციური ვარ და ყური საერთოდ გაჭედილი მაქვს, ამიტომ მომანიჭეს ინვალიდის სტატუსი. ახლა დამჭირდა ქირურგიული ჩარევა, დიდი თანხა იყო საჭირო. მკურნალობა მეომართა კავშირმა და ვეტერანთა კავშირმა დამიფინანსეს. ძალიან მადლიერი ვარ“, – ამბობს ნონა არღვლიანი.

„ჩვენი ვალია, მხარში დავუდგეთ მათ, ვინც მძიმე ფიზიკური და მორალური ტრავმა მიიღო ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში“ – სწორედ ეს არის „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მთავარი სათქმელი.  ფონდი 2018 წელს დაარსდა და უკვე მეოთხე წელია, დაჭრილ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. აი, მაგალთად, 2021 წელს ფონდის დახმარებით ფეხზე დადგა ავღანეთში ნაღმზე  აფეთქებული ჯარისკაცი, 28 წლის ზაურ კომახიძე, რომელიც ორი წლის განმავლობაში იყო პარალიზებული. ტკივილების გარეშე ცხოვრობს 32 წლის გოგიტა ხოზრევანიძეც, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს საჰაერო დაბომბვისას ქუსლში დაიჭრა.

მათ გარდა, მხოლოდ 2021 წელს კიდევ 14 დაჭრილ მებრძოლს ჩაუტარდა ოპერაცია.  17 ადამიანს კი სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. ფონდის დახმარება, სამედიცინო საჭიროებების გარდა, დაჭრილ მებრძოლთათვის საცხოვრებელი ფართის ადაპტირებაში, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების დაფინანსებასა და დაჭრილთა არასრულწლოვანი შვილების დახმარებაშიც გამოიხატება.

„ეს ფონდი იზრდება. მგონი, არის ზუსტად ის ერთ-ერთი ღირებულება, რომლის გარშემოც შეიძლება, რომ გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, რაც ასე მნიშვნელოვანი და საჭიროა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ გვჭირდება ერთობა და ერთად ყოფნა“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელმა.

კომპანია „სილქნეტი“ ყოველწლიურად 300 ათას ლარს რიცხავს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“. ფინანსური დახმარების გარდა, „სილქნეტი“ აქტიურად ეწევა ფონდის პოპულარიზაციას და საზოგადოებას დაჭრილი მებრძოლების დახმარებისკენ მოუწოდებს, შედეგად კი ფონდის მიერ შეგროვებული თანხა ყოველწლლიურად იზრდება. 2021 წელს ფონდის შემოწირულებებმა კერძო ბიზნესის მხრიდან 730 000 ლარამდე შეადგინა.

„ნებისმიერი ადამიანის დახმარება, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ლარი იქნება თუ ასი ლარი, არის ჩვენი ნაციის, ჩვენი ერის დამოკიდებულების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც  საქართველოსთვის იბრძოდნენ“, – ამბობს დავით მამულაიშვილი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი.

2021 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ფონდის საბჭოში გაწევრიანდა კონტრადმირალი დევიდ შიმპი, რომელიც ამჟამად საქართველოს საპატიო კონსულია. შეიქმნა მრჩეველთა საბჭოც, რომელსაც ამერიკული არასამთავრობო საქველმოქმედო ფონდის Give an Hour-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბარბარა ვან დალენი და მისი მეუღლე, ასევე ამ ფონდის თანადამფუძნებელი რენდი ფელფსი უხელმძღვანელებენ.

„მრჩეველთა საბჭოს თანათავმჯდომარეების რანგში ჩვენ ვიზრუნებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ იმ ორგანიზაციებთან ახალი ურთიერთობების შექმნაზე, რომლებიც იზიარებენ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იდეებსა და მისიას“, – განაცხადა რენდი ფელფსმა, ფონდ Give an Hour-ის თანადამფუძნებელმა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ შევმატებთ ჩვენს გამოცდილებას მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით, რათა ვუმკურნალოთ ქართველ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ომმა უხილავი ჭრილობები მიაყენა“, – აღნიშნა ფონდ Give An Hour_ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ბარბარა ვან დალენმა.

ფონდის ერთგულ მხარდამჭერებს შორისაა ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ლეგენდად წოდებული გენერალი ვესლი კლარკი. ვიეტნამის, კოსოვოს ომების მონაწილე და ნატოს ევროპული ჯარების უზენაესი მეთაური თავადაც ნამყოფია საქართველოში. მან 15 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილება და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გენერალმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავს ბრძოლა მშვიდობისათვის და თუ როგორი მნიშვნელოვანია, როცა ჯარისკაცებზე ზრუნავენ.

„ქართული ფესვები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვამაყობთ, რომ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდამჭერი ერთადერთი ამერიკული კომპანია ვართ. ამ გზით ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას დავეხმაროთ, არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ ყველა იმ მეომარს, რომლებმაც ამდენი შესწირეს ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა ბარი გრირმა, Silk Road Wines-ის დამფუძნებელმა.

2021 წლის ბოლოს ფონდის ერთი წლის შემაჯამებელ საღამოზე კი ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატემის ელჩმა საქართველოში და პოლკოვნიკმა რუშენ აბიდინოღლუმ, ნატოს სამხედრო მეკავშირის ოფიცერმა;

„ჩემთვის დიდი პატივია დაჭრილი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრება. ეს ღონისძიება ასევე ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

„ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებაზე დასწრება ჩემთვის დიდი პატივია. ჩემი სიტყვის დასაწყისში მსურს, მადლიერება გამოვხატო „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის“, – განაცხადა რუშენ აბიდინოღლუმ, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა.

საღამოს მონაწილეებს ამერიკიდან მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ჯო ვილსონი.

„მე მადლიერი ვარ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა“, რომელმაც ამდენი სამუშაო გასწია დაჭრილი ქალებისა და კაცების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად. ჩემი ოთხი ვაჟი ქართველი ჯარისკაცების მხარდამხარ მსახურობდა ეგვიპტეში, ერაყსა და ავღანეთში. ჩემი შვილები მუდამ მეუბნებოდნენ და ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, როგორი ნიჭიერები არიან ქართველები. დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვისათვის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები მხარდამხარ მსახურობენ მთელ მსოფლიოში“,  – აღნიშნა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა.

2021 წელს ფონდის შემოწირულებებმა კერძო ბიზნესის მხრიდან 730 000 ლარამდე შეადგინა. ეს არის „სილქნეტისა“ და სხვა კომპანიების დონაციები. მათ შორის არის „სილქნეტის“ 300 000 ლარი და სხვა კომპანიების 429 728 ლარი. ამას ემატება ფიზიკური პირების შემოწირულებებიც, რომელთა ჯამიც 8 710 ლარია.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ სჯერათ, რომ 2022 წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდება დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების ირგვლივ, რის შედეგადაც დაჭრილ მებრძოლთათვის კიდევ უფრო მეტი დახმარების გაწევას შეძლებენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend