მთავარისაქართველოპანდემიის მეექვსე ტალღა

პანდემიის მეექვსე ტალღა

საქართველოში მე-6 ტალღის პიკს თებერვლის დასაწყისში ელოდებიან

საქართველოში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 951 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პანდემიის მეექვსე ტალღა საქართველოში უკვე დაწყებულია და პიკი, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში იქნება. ომიკრონის სწრაფად გავრცელების გამო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით ისეთ ხალხმრავალ ადგილებზე, როგორებიცაა სამთო-კურორტები. ჯანდაცვის სამინისტრო დამსვენებლებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„შეიძლება დღიურად იყოს  60 ათასამდე შემთხვევა, აქედან ლაბორატორიულად გამოვლინდება 20-30%, ანუ სადღაც 10-15 ათასი შემთხვევა იქნება საქართველოში ყოველდღიურად ლაბორატორიულად დადასტურებული“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამ პროგნოზის გათვალისწინებით საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღა, რომელიც უკვე დაწყებულია, ყველაზე რთული იქნება. საქართველოში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდდადებითი პირების 45% სწორედ ომიკრონის შტამით არის ინფიცირებული. მხოლოდ თბილისში ეს მაჩვენებელი უკვე 60%-ია, რეგიონებში კი ჯერჯერობით – 30%.

„„ომიკრონის“ 951 შემთხვევაა ჩვენთან, „ლუგარში“, ლაბორატორიულად  დადასტურებული და აქედან დეტალურად შესწავლილია 621 ადამიანი, რომელთაც ტელეფონით დაუკავშირდნენ ან შეხვდნენ. შესაბამისად,  ღრმა ეპიდკვლევა ჩაატარეს და ვიცით მონაცემები ამ 621 ადამიანის  შესახებ. მათი საშუალო ასაკი 32-33 წელია,  ანუ ძირითადად ახალგაზრდები არიან, აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლების, 13 ბავშვი იყო 5 წლამდე ასაკის, 3 კი –   6 თვემდე. შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენები არიან უცხოელები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს შორისაც არის საკმაოდ ბევრი შემოტანილი შემთხვევა, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან. 11 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია, მათ უპირატესად თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ, მათგან 7 უკვე გაეწერა,  4 ადამიანი ჯერჯერობით რჩება  ჰოსპიტალში. არც ერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია. ძირითადად, ეს შემთხვევები, „დელტასთან“ შედარებით, მსუბუქად მიდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

დღეს 2022 წლის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაზე განსახილველი თემა იყო ის, თუ რამდენად მზად არის  ჯანდაცვის სექტორი პანდემიის მეექვსე ტალღასთან გასამკლავებლად. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კოვიდინფიცირებულთათვის განკუთვნილი საწოლების დაახლოებით 50% ამ დროისთვის დაკავებულია. უახლოეს დღეებში კი კარანტინისა და იზოლაციის ვადებს გადახედავენ და, დიდი ალბათობით, შეცვლიან კიდეც. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ამბობს, დამატებითი შეზღუდვები იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ შემთხვევათა რაოდენობის ზრდის გამო ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.

„9 ათასამდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან დაკავებულია 4 431. 281 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 1083 პაციენტი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ეს შემთხვევები ძირითადად დელტა შტამით არის გამოწვეული. ომიკრონით ინფიცირებულ მხოლოდ რამდენიმე მოქალაქეს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათგან არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია და ძალიან მალე გაწერეს ისინი კლინიკებიდან. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მსოფლიოში პანდემიის შესაჩერებელ მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია რჩება. ეპიდემიოლოგების თქმით, აუცილებელია სრულად აცრილი პირების დამატებით ბუსტერ დოზით აცრა, რადგან ბუსტერ დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს ომიკრონით დაინფიცირების რისკს. ხოლო რაც შეეხება პირბადის ტარებას, საქართველოში დღეისათვის სამედიცინო ნიღბის ტარების მაჩვენებელი 35%-ია. იმ შემთხვევაში, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 80%-მდე გაიზრდება, კოვიდ-19-ით საქართველოში ორჯერ უფრო ნაკლები პირი დაინფიცირდება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend