მთავარისაქართველოსააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს განაგრძობს

სააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს განაგრძობს

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, პარლამენტში კი ოპოზიციიდან 66 დეპუტატია. იმისთვის, რომ შეთანხმებას მიაღწიონ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრებს მართავს.

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ დაუჭერს. ინიციატივას პარტია „ლელოს“ მხარდაჭერაც ექნება. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ისინიც დაუჭერენ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და პარტია „მოქალაქეები“ მხარს არ დაუჭერენ. არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციასთან არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე არ ითანამშრომლა.

კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, თუ კი კომისია შეიქმნება,  მხოლოდ ის ფაქტი დადგინდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თავად სააკაშვილის ინიციატივაა. საქმე პენიტენციური სამსახურის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებს ეხება, რომლებშიც ჩანს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი მისი ნების წინააღმდეგ, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend