ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე კვლევითმა ჯგუფმა ომიკრონთან დაკავშირებით 6 სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები თანხმდებიან, რომ ომიკრონის ვარიანტი, სხვა შტამებთან შედარებით, მსუბუქად ვითარდება, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ საავადმყოფოები გადაიტვირთოს. ამასთან, სამედიცინო მუშაკებს, რომელთაც ტესტის დადებითი პასუხი ექნებათ, იზოლაციაში მოუწევთ გადასვლა.
სულ უფრო მყარდება მეცნიერული დასკვნები, რომელთა მიხედვით, ომიკრონის შტამი ყელს უფრო აინფიცირებს, ვიდრე ფილტვებს, სწორედ ამის გამო ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეს ვირუსი უფრო გადამდებია, თუმცა ნაკლებად მომაკვდინებელი. ექვსივე კვლევა ადასტურებს, რომ დელტასგან განსხვავებით, ომიკრონი არ აზიანებს ადამიანის ფილტვის ქსოვილებს, ომიკრონი აინფიცირებს ზედა სასუნთქ გზებს. შესაბამისად, ის ყელის არეში უფრო მრავლდება, ვიდრე ფილტვის ქსოვილებში. აღსანიშნავია, რომ კვლევებს სხვა მეცნიერების მხრიდან რეცენზირება ჯერ არ გაუვლია.
რადგან ვირუსული ნაწილაკები უფრო მეტად ყელის არეში მრავლდება, ვირუსი უფრო მეტად ხდება გადამდები. სწორედ ამიტომ ვრცელდება ასე სწრაფად ომიკრონის ვარიანტი. ლივერპულის ვირუსოლოგიის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა თაგვებზე ჩაატარა ცდა და დაურთო სამეცნიერო კვლევა. მათი დასკვნით, თაგვებშიც ომიკრონი მსუბუქი სიმპტომებით ვითარდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ომიკრონით დაინფიცირებულმა თაგვებმა მხოლოდ მცირედით დაიკლეს წონაში, ასევე მათ ნაკლებად მძიმე პნევმონია აღენიშნებოდათ.
ყველაზე მეტად ამჟამად ომიკრონი დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული. ბრიტანული ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონის სიმპტომებია: სურდო, თავის ტკივილი, გადაღლილობა, ცემინება, ყელის ტკივილი და ოფლიანობა. სწორედ ამ სიმპტომებით დგინდება, რომ ადამიანი ომიკრონის ვარიანტით არის ინფიცირებული.