მთავარისაქართველოვენახი საოკუპაციო ხაზთან - ლაცაბიძეების საოჯახო მეურნეობა ზემო ხვითში

ვენახი საოკუპაციო ხაზთან – ლაცაბიძეების საოჯახო მეურნეობა ზემო ხვითში

ეს ზემო ხვითია… გოდერძი ლაცაბიძე ამბობს, რომ ომის შემდეგ სოფელს ხალხი მასიურად ტოვებდა, წავიდნენ და სახლებიც მიატოვეს… სოფელი იცლებოდა, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო,  ძველი ტრადიცია აღედგინა და ვენახის გაშენება დაეწყო. გოდერძი ლაცაბიძე თბილისიდან სოფელში შვილებთან და 5 შვილიშვილთან ერთად  დაბრუნდა. ოჯახმა საოკუპაციო ხაზთან, 2 ჰექტარზე, ენდემური ვაზის ჯიში, შავკაპიტო გააშენა და წელიწადში 3 ტონამდე ღვინოს  აწარმოებენ.

„ეგ იყო ჩვენი ძირითადი მიზანი და ოცნება, რომ ეს ჯიში გაგვემრავლებინა. მარტო ჩვენთვის არა, რომ სოფლის ახალგაზრდობისთვის ხელი შეგვეწყო, რომ არ დაცლილიყო სოფელი. იმიტომ, რომ გული გვტკიოდა, რომ მოდიოდი სოფელში მოხუცები და იშვიათად, ახალგაზრდობა თუ შეგხვდებოდა. თანდათან ჩამოგვიყალიბდა ის აზრი, რომ დავბრუნებოდით ჩვენს მიწა-წყალს“, – ამბობს გოდერძი ლაცაბიძე.

ვენახი საოკუპაციო ხაზთან ახლოს გააშენა. უშუალოდ გამყოფ ღობესთან კი, ხორბალი დარგო.  როგორც გოდერძი ლაცაბიძემ გვითხრა, ადგილობრივთა მიწების 120 ჰექტარი, გამყოფ ზოლს მიღმაა დარჩენილი. დაბომბვის შედეგად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს,  ზემო ხვითში 11 სახლი დაინგრა, რომელთა ნაწილი დღემდე არ აღუდგენიათ. რუსულ ბომბებს 10-ზე მეტი ადგილობრივი შეეწირა. მას შემდეგ, რაც სოფელში დაბრუნდა და ვაზი გააშენა, გოდერძი ლაცაბიძე ამბობს, რომ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა.

„საბედნიეროდ, ძალიან ბევრი მიმდევარი გაგვიჩნდა. ახლა უკვე აქ ჩვენი ორ ჰექტარზე გავაშენეთ ვენახი, თითქმის ათი ჰექტარი ვენახი გაშენებული აქვთ ჩვენს სოფლელებს. კიდევ იწყებენ ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, აქ, ზემო ხვითში, შინდისში, ვარიანში აშენებენ, ფხვენისში“

შავკაპიტოს უნიკალურობას აქაური მიკროკლიმატი განაპირობებს. ვენახი კავკასიონსა და თრიალეთის ქედს შორისაა მოქცეული.  ზღვის დონიდან 835 მეტრზე. ლაცაბიძეების ოჯახმა აქ სხვა ენდემური ჯიშები – დანახარული, მუხამწვანე, თავკვერი, გორული მწვანე, ჯვარი და ბუზაც გააშენა. მოსავალს ორ წელიწადში ელოდებიან.

„ადამიანის ბუნებაა, როდესაც აქ მოძრაობაა, როდესაც აქ ცხოვრება მიმდინარეობს, შრომობენ, ხნავენ, თესავენ და ადამიანები გადაადგილდებიან ინტენსიურად, ისინი (საოკუპაციო ძალები) ვეღარ ბედავენ თავხედურად შემოსვლას ან ღობის გადმოწევას. მე ვფიქრობ, რომ სოფლის აქტიური ცხოვრება და მოსავლის ხნა-თესვა, აღება,  შემაფერხებელი გარემოებაა ოკუპანტებისთვის“

ლაცაბიძეების ოჯახში ახლა საახალწლო სამზადისია. შავკაპიტო სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. საახალწლო სუფრას, სოფელში მოყვანილი პროდუქტებით მომზადებული კერძები და ამავე მიწაზე მოყვანილი ხორბლის პურიც ამშვენებს. წელს ზემო ხვითში ახალი წელი ხალხმრავალი იქნება.

„2008 წლის შემდეგ ხუთი წელიწადი ინტენსიურად ტოვებდნენ ახალგაზრდები სოფელს. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მრავალი ოჯახი დაბრუნდა. შეივსო საკლასო ოთახები ბავშვებით, მათ შორის არიან ჩემი შვილიშვილებიც. სამი მოწაფე დადის უკვე სკოლაში, ერთი საბავშვო ბაღში და ერთი მცირეწლოვანია, ორი წლის. გასულ წლებთან შედარებით, ვერ შეადარებ, ისეთი განსხვავებაა“…

მრავალ საახალწლო სურვილს შორის, ლაცაბიძეების ერთ-ერთი მთავარი ნატვრა,  საქართველოს მავთულხლართებისგან გათავისუფლებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend