მთავარისაქართველოსაახალწლო განწყობას თოვლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილი გოგო-ბიჭები ქმნიან

საახალწლო განწყობას თოვლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილი გოგო-ბიჭები ქმნიან

საახალწლოდ, თბილისში ნაძვის ხესთან თუ ჩაივლით, რუსთაველის გამზირზე, აუცილებლად ნახავთ  „ანიმატორებს“, ხალხს, რომლებიც საახალწლო განწყობას ქმნიან. თოვლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილი გოგო-ბიჭები ბავშვებს ეთამაშებიან და საჩუქრებს ურიგებენ.

ნიკა დვალიშვილმა, სანტა კლაუსების და სხვა სახალისო პერსონაჟების ანიმატორების კომპანია ორი წლის წინ შექმნა. მალევე პანდემიის გამო ნიკას და მის თანამშრომლებს მუშაობის შეჩერება მოუწიათ. თუმცა პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მათ სერვისზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა.

„ახალი წელი ძალიან აქტუალურია და წელს ხალხი ცოტა გათამამდა. შეკვეთებმაც მოიმატა. უფრო მეტი გამოძახება გვაქვს. ძირითადად სანტა იმიტომ, რომ ასეთი პერიოდია, დეკემბერია, ახალი წელი მოდის. რა თქმა უნდა სანტაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა. ამ საქმეში ვერ იქნები ნამდვილი თუ ბავშვები არ გიყვარს. ბავშვების ნამდვილი ემოცია ჩვენც გვანამდვილებს. თუ ეს ყველაფერი არ მოგწონს, მას ხელოვნურად ვერ გააკეთებ“, – ამბობს ნიკა დვალიშვილი.

სწორედ ასეთ საახალწლო ზეიმზე ელოდებიან პატარები სანტა კლაუსის გამოჩენას. ამჯერად სანტა თორნიკე ჩინჩალაძეა. მას ბავშვობაში თოვლის ბაბუა განსაკუთრებულად უყვარდა და ახსოვს მისი ნახვით გამოწვეული სიხარული.  ალბათ ამიტომაც  გადაწყვიტა, რომ ახლა სხვებისათვის, თვითონ ყოფილიყო თოვლის ბაბუა.

„ყოველთვის მინდოდა, რომ თოვლის ბაბუს ჩემი გული გაეხარებინა. ეს მაშინ ლეგენდად მიმაჩნდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე რომ ეს ყველაფერი მართალი ყოფილა. მინდოდა, რომ მეც მიმებაძა მისთვის, ბევრი ბავშვის გული გამეხარებინა იმიტომ, რომ მეც მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი როდესაც ვინმე, იყო ეს სანტა, მშობელი, თუ მეგობარი საჩუქარს მჩუქნიდა. სანტას ის დანიშნულება აქვს, რომ ყველა გაახაროს, როგორც პატარა ასევე დიდები“, – თქვა თოვლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილმა თორნიკე ჩინჩალაძემ.

თოვლის ბაბუას დანახვა, მარტო ბავშვებს არ უხარიათ, მოზრდილებიც სიამოვნებით ესაუბრებიან მას და ბავშვობას იხსენებენ.

„როდესაც ბავშვები შენ შემოგცქერიან, შენ ვალდებული ხარ, რომ ის ადამიანები გაახარო, გააბედნიერო, დღე გაულამაზო და ის დღე აჩუქო, როგორც დაუვიწყარი დღე. ყველას ხომ ბედნიერება და სიყვარული გვჭირდება. მე რა სიყვარულს და სითბოსაც გავცემ, ეს მე ორმაგად და ათმაგად მიბრუნდება. ბავშვების თვალებში იმხელა ბედნიერება და იმხელა სიყვარული ჩანს… მათი თვალებიდან ისეთი ვარსკვლავები ბრწყინავს, რომ არ შეიძლება არ იყო ბედნიერი“, – ამბობს თორნიკე.

თორნიკე ამბობს, რომ სანამ სანტას კოსტიუმს მოირგებს, ყოველთვის ღელავს. ზუსტად ისევე, როგორც ყველა მსახიობი სცენაზე გასვლის წინ. დღეს მისთვის სანტა კლაუსია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო როლი.

„რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო. იმ დღეს რაც არ უნდა უხასიათოდ ვიყო… შეიძლება არც წყალი მინდოდეს, არც ჭამა მინდოდეს, არც მეგობარი მინდოდეს, არავინ, რომ არ მინდოდეს, სანტას კოსტუმს ვიცემ თუ არა ავტომატურად ვიცვლები. დადებითი განწყობა მეუფლება. როდესაც ბავშვი მოდის ჩემთან და მიახლოვდება, ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი ხდება“, – თქვა მან.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend