მთავარიCOVID-19COVID-19-ის 2021

COVID-19-ის 2021

როგორი ეპიდვითარება იყო საქართველოში 2021 წელს

2021 წლის პირველი იანვრის დილა რომ გათენდა, მსოფლიოში 564 ათას 956-მა ადამიანმა შეიტყო, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ეს ის ხალხი იყო, რომელიც 2020 წლის ბოლო დღეს გამოიკვლიეს;

კოვიდ-19-ზე, დადებითი პასუხები კი მათ უკვე ახალი წლის პირველ დღეს მიიღეს. მათ შორის 990 ადამიანი საქართველოდან იყო. იმდროს ქვეყანაში  კოვიდ-19-ის გავრცელების შესამცირებლად თითქმის ყველა შეზღუდვა მოქმედებდა. მათ შორის ღამით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა.

მალევე მსოფლიოში გაჩნდა ცნობები ახალი ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების შესახებ.

“უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება ცნობები დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების შესახებ. ვირუსების მუტაცია ბუნებრივი მოვლენაა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მეტად ლეტალურია და შედარებით სწრაფად ვრცელდება“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

წლის დასაწყისშივე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსვლას ელოდებოდნენ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში თებერვლის დასაწყისში შემოვიდოდა.

„თებევრლის თვეში ველოდებით საქართველოსთვის  პლატფორმა „კოვიქსიდან“  ვაქცინის გარკვეულ დოზებს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

“ჩვენ განვიხილავთ „პფაიზერს“, „ასტრაზენეკასა და „მოდერნას ვაქცინებს“, –  განაცხადა თამარ გაბუნიამ გაბუნიამ.

პირველი თებერვლიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. მუშაობის განახლების უფლება ეძლევათ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს. კვლავ გაჩერებული რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი. მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათიც. შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ქვეყანაში საპროტესტო აქციები და პერფორმანსები იმართება.

საპროტესტო აქციის მონაწილენი ჟურნალისტებთან საუბრის დროს თავიანთ დამოკიდებულებასა და პოზიციას გამოხატავდნენ:

„მთავრობა როგორ აკონსერვებს ხალხს, იმას გამოვხატავ ამ პერფორმანსით. ძალიან ცუდ დღეში ჰყავთ ხალხი. არადა, პირიქით, გვერდით უნდა ედგნენ საზოგადოებას. ვიჯდები, სანამ არ აღდგება ტრანსპორტი“.

„ნაქირავებ ფართში გვქონდა სასტუმრო, ახლა გაკოტრების ზღვარზე ვართ. რეალურად შეიძლება ვეღარც გავხსნათ“.

“უკვე გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ერთი წელი ხდება, რაც უმუშევრები ვართ. დღეს სიმბოლურად ფარ-ხმლით ვარ მოსული, რაც ნიშნავს იმას, რომ არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 12 თებერვალს მოსახლეობას ვაქცინის დოზების უახლოეს დღეებში შემოტანას ჰპირდებოდა, 2021 წლის თებერვალი ისე დასრულდა, რომ საქართველოს ვაქცინის არცერთი დოზა არ მიუღია.

„საქართველოში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა. ვაქცინების მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირებში“, – ამბობდა გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ამ განცხადების გაკეთებიდან 6 დღეში კი საქართველოს მასინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ქვეყნის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი გახდა და ახლა იგი საუბრობდა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე დაწესებული შეზღუდვების უდიდესი ნაწილის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან მთავრობას სჭირდება კარგი კოორდინაცია და დახმარება მოსახლეობის მხრიდან. მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან წარმატებით მართავს ჯანდაცვის მინისტრი, უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

2021 წლის 13 მარტს, გამთენიისას, თბილისის აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი, რომელმაც ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზები ჩამოიტანა. პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვიდა, „ასტრაზენეკა“ იყო. სულ რაღაც 43 ათას 200 დოზა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% ვაქცინირებული უნდა ყოფილიყო. პირველ ჯგუფში, რომელსაც ვაქცინის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები შედიოდნენ.

“დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა. „კოვაქს“ პლატფორმიდან შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. 43 200 ვაქცინაა ხელმისაწვდომი ამ დროისთვის. ეს არის განკუთვნილი სამედიცინო პერსონალისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

15 მარტიდან საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. პირველად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძე აიცრა, რომელიც ვაქცინაციის პორტალზე პირველი დარეგისტრირდა. ის აცრის დროს უამრავი კამერის ობიექტივში მოხვდა, ყველას აინტერესებდა, რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვაქცინის ნემსი მკლავს პირველად შეეხებოდა.

“გავიგე, რომ ვაქცინა ჩამოდიოდა, თავიდანვე გამოვთქვი სურვილი, რომ პირველი ავცრილიყავი, იმისთვის, რომ მაგალითი მიმეცა ჩემი კოლეგებისთვის, როგორც სამსახურში, ასევე მედიცინის ყველა მუშაკისთვის“, –  აღნიშნა თამარ გიორგაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, საქართველოში პირველმა ვაქცინირებულმა.

„ამ პროცესმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია. მინდა, მოვუწოდო ჩემს ყველა კოლეგას, მედიცინის მუშაკს, რომ აიცრან. დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 65%“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მიუხედავად მოწოდებებისა, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები ვაქცინაციის სურვილით არ გამოირჩეოდნენ. სწორედ ამიტომ ქვეყნის პირველმა პირმა, სალომე ზურაბიშვილმა, საჯაროდ აცრა გადაწყვიტა. საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს აიცრა.

“მე დღეს ჩავიტარე ურიგოდ ეს აცრა, რამეთუ ამ ეტაპზე არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ასაკობრივ ჯგუფს, რომელშიც მე ვარ. ჯერ მედპერსონალის რიგია. თუ გვინდა, რომ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, აუცილებელი არის, რომ ავიცრათ. დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოში უკვე „პფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა, რომლითაც დაახლოებით 14 ათასი პირის აცრა იყო დაგეგმილი. „პფაიზერის“ მიმართ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებმა უფრო დიდი ნდობა გამოიჩინეს. მარტის ბოლოს ქვეყანაში 7 822 პირი უკვე ერთი დოზით იყო ვაქცინირებული. ქვეყანაში ამ დროს მკაცრი შეზღუდვების ძირითადი ნაწილი შემსუბუქებული იყო და მხოლოდ რამდენიმე იყო დარჩენილი.

“ძალიან ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა უკვე დაიწყო და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დასაწყისში“, – ამბობდა ამირან გამყრელიძე.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, მალევე, საქართველოში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვმა იმატა. გაიზარდა რეინფიცირების შემთხვევებიც. მსოფლიოში კი გამოჩნდა ე.წ. ინდური ანუ დელტა შტამი, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობდა, ვიდრე მისი წინამორბედი შტამები.

“გასული დღეების განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. დღეს 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეპიდსიტუაცია საყურადღებო რჩება. იზრდება დატვირთვა კლინიკებში. ვფიქრობთ დამატებითი საწოლების მობილიზებაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ 19 აპრილს.

“დღეს უკვე საუბარია ინდოეთის ორმაგ შტამზე, არის ბრაზილიური, არის სამხრეთამერიკული, ჯერჯერობით, გარდა ბრიტანულისა. საქართველოში სხვა შტამი არ არის,“ – ამბობდა ამირან გამყრელიძე.

თავდაპირველად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შტამებს სახელს სავარაუდო წარმოშობის მიხედვით არქმევდა, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და ჯანმომ მნიშვნელოვანი ვარიანტებისთვის ბერძნული ანბანის ასოების მინიჭება დაიწყო. ინდური ანუ დელტა შტამი საქართველოში თავდაპირველად მაისში დადასტურდა.  ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები უკვე მოხსნილი იყო.  ე.წ. კომენდანტის საათი შემსუბუქდა და 17 მაისიდან ღამით გადაადგილება საღამოს 9 საათის ნაცვლად ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე იყო აკრძალული.

„დღეს 5 პირს დაუდასტურდა ინდური შტამი. 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია. შემოსული არიან მაისის შუა რიცხვებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

2021 წლის ივნისიდან საქართველოში დელტა შტამით ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა. საქართველოს პრემიერის ინიციატივით, პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები გაუქმდა და 245 ათასზე მეტი მოქალაქე როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. ასევე მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათიც.

„შეზღუდვები იმიტომ შემსუბუქდა, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილი გვაქვს. უკვე მეორე კვირაა, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, – ამბობდა პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

პანდემიის მხრივ, საქართველოსთვის მართლაც რთული ზაფხული იყო. ივლისის შუა რიცხვებიდან კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ვირუსი, როგორც განმარტეს, „გაახალგაზრდავდა“ და მოიმატა ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა, შედეგად პედიატრიულ საავადმყოფოებში ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. იყო პატარა პაციენტების გარდაცვალების შემთხვევებიც.

„ბოლო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა  თამარ გაბუნიამ.

“ვიჩქარეთ შემსუბუქება შეზღუდვების. საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები და სამედიცინო მხარე უფრო რადიკალურები ვართ ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, თუმცა შეზღუდვების მოხსნა, მთელი რიგი მიმართულებით, იყო ნაჩქარევი“, – ამბობდა  ამირან გამყრელიძე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ „პფაიზერის“ ვაქცინის დოზები ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად მიიღო, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ამ დროს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობდნენ, რომ „პფაიზერის“ ლოდინში მოსახლეობამ ძვირფასი დრო დაკარგა, დრო, რომელმაც ზაფხულში უამრავი აუცრელი ინფიცირებულის სიცოცხლე შეიწირა.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების პარალელურად ივლისსა და აგვისტოში მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში მოსახლეობის 17% აიცრა. ვაქცინაციის ტემპი იმდენად აქტიურად მიმდინარეობდა, რომ დღეში დაახლოებით 30 ათასამდე პირი იცრებოდა. ამ დროს საქართველოში „პფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები იყო ხელმისაწვდომი. მათგან ყველაზე დიდი მოთხოვნა „პფაიზერსა“ და „სინოფარმზე“ იყო.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის მეოთხე ტალღა ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. აგვისტოს შუა რიცხვებისთვის საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვეღარ იტევდა და ადამიანთა მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალი იყო. ჯანდაცვის ექსპერტები ამბობდნენ, რომ ასეთ ეპიდვითარებას ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა. სწორედ აგვისტოში დადასტურდა საქართველოში კოვიდ-19-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი. 17 აგვისტოს ქვეყანაში 6 208 ინფიცირებული გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველდღიურად 60-დან 80-მდე მერყეობდა. სწორედ ამ დროს საკოორდინაციო საბჭომ კვლავ დააწესა შეზღუდვები, ჯანდაცვის სამინისტრომ კი ქვეყანაში პირველი საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

„საველე ჰოსპიტალში გაიშლება დაახლოებით 500 საწოლი. საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

შემოდგომის მოსვლასთან ერთად ვაქცინაციის ტემპმა დაიკლო. ამის პარალელურად კი ისმოდა კითხვა: ქვეყანაში ყველას, განსაკუთრებით კი სასკოლო ასაკის მოზარდთა ოჯახებს, აინტერესებდა, როგორ დაიწყებოდა 2021 წელს სასწავლო წელი, მონიტორებთან თუ მერხებთან. ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდებოდა, გარკვეული შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა. სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო, 4 ოქტომბრიდან კი აღსაზრდელები საბავშვო ბაღებს, მოსწავლეები საკლასო ოთახებს, სტუდენტები კი აუდიტორიებს დაუბრუნდნენ. სწორედ ამ დროს დაიწყო საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღა.

„ბოლო დღეების ტენდენცია ცალხასახად მიუთთებს იმას, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკები კვლავ იმატებს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

„აი, მარტო პირბადე, რომლის ტარების მაჩვენებელიც დღეს 47%-ია, რომ ავიყვანოთ 95%-მდე, მხოლოდ ეს დაზოგავს დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს“, –  ამბობდა ამირან გამყრელიძე.

ამ დროს საქართველოში კოვიდ-19-ის შემთხვევათა უმეტესობას დელტა შტამი წარმოადგენდა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობდნენ, რომ დელტა შტამს ე.წ. ორთვიანი ციკლი ახასიათებდა და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდებოდა, ყოველ ორ თვეში ერთხელ საქართველოს კოვიდ-19-ის ახალი ტალღა დაატყდებოდა თავს. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ასაცრელად მისვლას არ ჩქარობდნენ. ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად დაიწყო წამახალისებელი ლატარეა აცრილთათვის, ვაქცინაციის მარათონი სოფლებში და ე.წ. მონეტარული წახალისება. ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სოფლის მოსახლეობა ამბობდა, რომ აცრა აქამდეც უნდოდათ, თუმცა ქალაქში ასაცრელად წასვლა ხან უტრანსპორტობის, ხანაც უამინდობის გამო უჭირდათ. ზოგსაც გავრცელებული მითების სანდო წყაროსთან გადამოწმება სურდა, თუმცა ასეთი სოფელში არავინ იყო და ამიტომ ბევრი აცრისგან თავს იკავებდა. აცრის მოწინააღმდეგეები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც მრავლად იყვნენ.

„ტრანსპორტი არ იყო, რომ წავსულიყავი ასაცრელად კასპში ან თბილისში“, – ამბობდა სოფელ კავთისხევის მკვიდრი.

„მეუბნებოდნენ, არ აიცრა, მოკვდებიო, არ წახვიდე ასაცრელადო“, –  გვეუბნებოდა სოფელ ბაზაქლოს მკვიდრი.

სოფელ ბაზაქლოს სხვა მოსახლე კი ამბობდა:  „ გადავწყვიტე, ხვალ ექიმი რომ ამოვა, ავიცრა, თუ მოვკვდები, მოვკვდები, თუ არადა, გავდავრჩები“.

ნოემბერში, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების გაზრდილი რაოდენობისა და შემცირებული აცრების ფონზე, საქართველოში კოვიდპასპორტების სქემის ამოქმედების ბრძანება გასცეს. თუმცა არა იმ სახით, როგორიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე წარმატებით მოქმედებდა.

„აქვე მინდა, განმარტება გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კოვიდგადატანილებს ჰქონოდათ მხოლოდ 6-თვიანი მწვანე საშვი, თუმცა ჩემი ინიციატივა იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ მწვანე სტატუსი ექნება ნებისმიერ პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კოვიდპასპორტის „მწვანე სტატუსის“ შესახებ 2021 წელს ბევრი ითქვა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ ნებისმიერ კოვიდგადატანილს მწვანე სტატუსი უვადოდ ჰქონოდა. ვაქცინაციის საბჭოს წევრები ამბობდნენ, რომ საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხის განხილვას კიდევ ერთხელ აპირებდა. კოვიდპასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. შემდეგ კი, ის მოხდა, რომ  საკოორდინაციო საბჭოს პირველივე სხდომიდან  ზუსტად ორ დღეში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა.

„ჯანდაცვის მინისტრად 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მოსახლეობას ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარუდგინა.

„ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი.იგი გაზრდილია ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშეა. ის არის 5 შვილის მამა და ვფიქრობ, რომ ბატონი ზურა ძალიან წარმატებული  მინისტრი იქნება“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თუმცა ახალი მინისტრის წარდგენამდე საქართველოში ომიკრონის შტამი დადასტურდა. ომიკრონი 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებსა და ბრონქის კედლებში, ვიდრე მისი წინამორბედი დელტა ვარიანტი. დელტა კი მანამდე არსებულ, სხვა ყველა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და მძიმედ მიმდინარეობდა ინფიცირებულებში. მსოფლიოში ომიკრონის გავრცელების პარალელურად კომპანია „პფაიზერი“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საბოლოო ანგარიშის თანახმად,  მათ მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბების ეფექტიანობა მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციასა და გარდაცვალებას  90%-ით ამცირებს.

„ყველა ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველას გვინდა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ამისთვის ყველაზე სწორი გზა იმ რთული გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც დაგვიცავს. ზოგჯერ ეს ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას ნიშნავს. ღონისძიების გაუქმება სჯობს სიცოცხლის დაკარგვას. სჯობს გადავდოთ და მოგვიანებით ვიზეიმოთ, ვიდრე ვიზეიმოთ და შემდეგ ვიგლოვოთ. არავის გვინდა, რომ მომავალ წელს კვლავ ამ სიტუაციაში ვიყოთ“, – განაცხადა ტედროს გებრიეისუსმა, ჯანმოს ხელმძღვანელმა 20 დეკემბერს.

2021 წელს საქართველოში კოვიდ-19-ით 705 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა. მათგან 11 ათასზე მეტი გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები.  ამ 11 ათასი ადამიანის უკან იდგნენ ოჯახის წევრები, რომელთაც მძიმე და ტკივილიანი ახალი წელი დაუდაგათ. იმისთვის, რომ ეს აღარ გაგრძელდეს, მსოფლიოს მოსახლეობა უნდა აიცრას. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა 22 დეკემბერს თქვა: „ბევრი ჩვენგანისთვის 2021 წელი მტკივნეული იყო, მაგრამ ეს გამოცდილება სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და კარგად გავიაზროთ ის მწარე გაკვეთილი, რომელიც 2021-მა წელმა გვასწავლა. 2022 წელი უნდა იყოს კოვიდ-19-ის პანდემიის დასასრული. ის ასევე უნდა იყოს დასაწყისი სოლიდარობის ახალი ეტაპისა. 2021-ს ვტოვებთ წუხილით, მაგრამ 2022 წელს უნდა შევხვდეთ იმედით“  ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი, 22 დეკემბერი

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend