ტრადიციული ინდური კერძებით, ინდური მუსიკითა და ცოტაოდენი ქართული ელემენტებით- ასე აღნიშნავს ინდოელი ტულიკა ანე ახალ წელს მეგობრებთან ერთად საქართველოში.
ტულიკა საქართველოში უკვე 5 წელია ცხოვრობს და სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. ამბობს, რომ ახალი წელი პირველად სწორედ საქართველოში აღნიშნა. წელს კი ამ დღესასწაულს ის აქ ბოლოჯერ შეხვდება.
„პანდემიამდე ფეიერვერკების სანახავად ახალ წელს რუსთაველის გამზირზე და ნარიყალაზე ვხვდებოდით ხოლმე. ეს ყველაფერი მართლაც რომ ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. საქართველოში ახალი წლის აღნიშვნით, განსაკუთრებული გამოცდილება მივიღე. ინდოეთში ჩვენ ძირითადად ტკბილეულს ვამზადებთ, ვცეკვავთ და ვმღერით, თუმცა საქართველოში ნამდვილი დღესასწაული შევიგრძენი. ეს არაჩვეულებრივი იყო“,- ამბობს ტულიკა.
ტულიკამ და მისმა მეგობრებმა ახალი წლისთვის რამდენიმე ინდური კერძი მოამზადეს. სამოსა, მწვანე ჩატნი, ნაანის პური და ტკბილ-მწარე თამარინდის ჩატნი- ეს კერძები ახლა ტულიკას საახალწლო სუფრაზეა. მას ნაძვის ხე არ მოურთავს, თუმცა მის სუფრაზე ქართულ საახალწლო სიმბოლოს, პატარა ჩიჩილაკს იხილავთ.
ამბობს, რომ საქართველოში გატარებული დღეები ყოველთვის ემახსოვრება და მეგობრებსაც ურჩევს აქ ჩამოსვლას.
„ჩემს მეგობრებს აუცილებლად ვეტყვი, რომ საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა. აქ ბევრი ლამაზი ადგილი, კაფე და რესტორანია. ბათუმი კი ჩემი ფავორიტია. ეს ქვეყანა ძალიან უსაფრთხოა გოგონებისთვის. შეგიძლია ნებისმიერ დროს გახვიდე გარეთ. ვფიქრობ, რომ საქართველო თავისუფლებასთან ასოცირდება. ჩემთვის ახალი წლის დადგომა ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. ჩვენ კიდევ ერთი შანსი გვეძლევა, რომ ცხოვრება თავიდან დავიწყოთ“, – მიიჩნევს ტულიკა.
დღესასწაულისთვის მზადების დასრულების შემდეგ, საახალწლო სურვილების ჩაფიქრების დროც მოსულა. ტულიკამ რამდენიმე საახალწლო პირობა დადო. მისთვის განსაკუთრებული სურვილი კი სწავლის წარმატებით დასრულებაა.
მარიამ ქუხილავა