პანდემიის გამო წელს კონცერტები ცოცხალი შესრულებით იშვიათად იმართებოდა. ჩატარდა ევროვიზიის კონკურსი, თუმცა კონცერტებისა და ფესტივალების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ჩაიშალა. იმედი გვაქვს, რომ 2022 მსმენელებისა და მუსიკოსებისთვის უკეთესი წელი იქნება.
2021 წლის დასაწყისში ქალაქ ვენაში ახალი წლის ტრადიციული კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას არ ესწრებოდა მაყურებელი, თუმცა იგი ტელევიზიის საშუალებით მთელ მსოფლიოში გადაიცემოდა.
ზამთრის დასასრულს ნიდერლანდებში მასობრივი ტესტირება დაიწყო, რათა მუსიკალური ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი გამხდარიყო. მაისში ქვეყანამ ევროვიზიის სიმღერების კონკურსს უმასპინძლა. კონკურსის გამარჯვებულად იტალიური ჯგუფი „მანესკინი“ დასახელდა.
ფრანგულ დუეტ „დაფტ პანკის“ გულშემატკივრებმა სამწუხარო ამბავი გაიგეს. ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი იშლებოდნენ, თუმცა მსმენელებს დაჰპირდნენ, რომ გამოსამშვიდობებელ კონცერტებს ჩაატარებდნენ.
ზაფხულში რამდენიმე დიდი ფესტივალი გაუქმდა, მათ შორის იყო უნგრეთის სიგეტისა და ინგლისის გლასტონბერის ფესტივალები.
წელს მოცარტის მშობლიურ ქალაქ ზალცბურგში კლასიკური მუსიკის ფესტივალის ასი წლისთავი აღნიშნეს.
ლოს-ანჯელესის სასამართლომ კი მომღერალი ბრიტნი სპირსი მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გაათავისუფლა.
წლის ბოლოს კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული ჯგუფი „აბბა“ ახალი ალბომით დაბრუნდა. მომავალ წელს ისინი ლონდონში ვირტუალური კონცერტის გამართვას აპირებენ.
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ბრიტანელი მომღერალი ადელი. მისი ახალი ალბომი რეკორდული რაოდენობით გაიყიდა. გულშემატკივრები კი ახლა მისგან კონცერტებს ელიან.
ავტორი: ფრედერიკ პონსარდი