გამყოფი ხაზები, ბიუროკრატია და შავი სიები. დაძაბული მოლაპარაკებები და კომპრომისი. 2021 წელს ევროკავშირი ბევრჯერ აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში.
მოდით, განვლილი სირთულეების მიმოხილვა ბრიტანეთით დავიწყოთ.
გასულ წელს ევროკავშირი ბრექსიტის დაუსრულებელი შეთანხმებით შეხვდა….
ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანეთიდან შესატან საქონელზე ახალი ბიუროკრატიული რეგულაციების დაწესებამ მიწოდების ჯაჭვი დაარღვია და დეფიციტი გამოიწვია.
ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის მე-16 მუხლის ირგვლივ მიმდინარე დავამ პრობრიტანელ ირლანდიელებს შორის ურთიერთობა დაძაბა, რაც აპრილში არეულობაში გადაიზარდა.
ივნისის ბოლოს ე.წ. „სოსისის ომში“ ერთხანს დაზავდნენ, მაგრამ შემოდგომისთვის ევროკავშირი და ბრიტანეთი სავაჭრო ომის ზღვრამდე მივიდნენ.
მაროშ შეფჩოვიჩი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი:
“ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მე-16 მუხლით აპელირებას იმ მიზნით, რომ პროტოკოლზე მოლაპარაკება განახლდეს, სერიოზული შედეგები მოჰყვება.“
მე-16 მუხლის გარდა, ბრექსიტის თავსატეხი თევზჭერის ლიცენზიისა და მიგრაციის საკითხებმა გაამწვავეს.
პარტნიორები არიან თუ მეტოქეები? ეს ბრიუსელმა და პეკინმა ჯერ ვერ გადაწყვიტეს.
მარტში ევროკავშირმა ჩინეთის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. შურისძიება ხისტი გამოდგა. ჩინეთმა შეადგინა 10-კაციანი შავი სია, რომელშიც ევროპარლამენტარებიც შეიყვანა.
ნოემბერში ევროკავშირი 300-მილიარდი ევროს მოცულობის ბიუჯეტის გეგმით გამოვიდა. გეგმა კონკურენციას უწევს ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივას, რომელიც უცხოეთში დებს ინვესტიციებს.
წლის ბოლოს კი ლიეტუვა პეკინის ოლიმპიადა 2022-ის მიმართ დიპლომატიური ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა.
სილიკონის ველის ტექნოლოგიური გიგანტების მოთოკვა ევროკომისარ მარგარეტ ვესტაგერის ამოცანა იყო.
შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 12 თვის თავზე ბრიუსელში ახალ რეგულაციაზე შეთანხმდნენ, რომელმაც ტექნოლოგიური გიგანტების ძალაუფლება უნდა შეზღუდოს. ისინი უკანონო შინაარსზეც აგებენ პასუხს.
2022 წელს „ციფრული ბაზრის აქტისა“ და „ციფრული მომსახურების აქტის“ დამსახურებით, შესაძლოა, ევროკავშირი ტექნოლოგიური კომპანიების წამყვანი რეგულატორი გახდეს.
ნოემბერში კომპანია „გუგლმა“ დაკისრებული 2 მილიარდ ევროზე მეტი ჯარიმის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წააგო, რაც მიანიშნებს, რომ მოქმედი წესებიც ეფექტიანია.
დემოკრატიული ფასეულობების თაობაზე 2021 წელს ერთმანეთს ბრიუსელი და ვარშავა დაუპირისპირდნენ.
პოლონეთში ლგბტქ თემის უფლებებთან დაკავშირებით ბრძოლის შედეგად, ბრიუსელი ვარშავას დაფინანსების შეკვეცით დაემუქრა. პოლონეთმა უკან დაიხია. მაგრამ ოქტომბერში ურთიერთობა ისევ აირია, როდესაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის კანონი ევროკავშირის კანონზე მაღლა დგას.
ურსულა ფონ დე ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი:
„ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს.“
მატეუშ მორავეცკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი:
“არ მოგცემთ პოლიტიკოსებს პოლონეთის დაშანტაჟების ნებას.“
სასამართლო სისტემის საკამათო რეფორმის გამო ნოემბერში პოლონეთმა უზარმაზარი ჯარიმა მიიღო: დღეში ერთი მილიონი ევრო დაეკისრა. თან პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის ფონდის მილიარდებიც დაკარგა.