ამ პატარა ოთახში ახლა წინასაახალწლო ფუსფუსია. სუვენირები, წინდები, ნაძვის ხის სათამაშოები – ამას და ათას სხვა რამეს, „ბაბალეს“ წევრები საახალწლოდ ამზადებენ. ამ სათამაშოების მომზადება იოლი არ არის – ჯერ უნდა გამოჭრან, შეღებონ, შემდეგ კი შეფუთონ და ნაძვის ხის მოსართავად გაამზადონ.
„ძალიან მიხარია, რომ ახალი წელი მოდის, აქ ფუსფუსიცაა და კარგია“, – თქვა ალექსანდრე კუპატაძემ.
„ბაბალეში“ წინასაახალწლო სამზადისია – საქმით დატვირთული და თან მხიარული. ამ სამზადისში მშობლებიც სიხარულით ერთვებიან.
„განსაკუთრებით სახალისოა ხოლმე ფერების გამოყენება, თავიდან ბოლომდე ამოვიგანგლებით ხოლმე ამ ლამაზ-ლამაზ ფერებში, თუმცა ის სიამოვნება, რაც ბავშვებს აქვთ – თავისი ხელით შექმნან გარკვეული ნაკეთობები, მემგონი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ აქ მოსვლა უხარიათ, ერთმანეთის ნახვა უხარიათ და გარკვეული შეჯიბრია – ვინ რას გააკეთებს, ვინ უფრო მეტს გააკეთებს“, – აღნიშნა მშობელმა შუქია ჭინჭარაულმა.
„ბავშვები გვეხმარებიან ამ ნივთების გასრულყოფილებაში, ჩვენი სოციალური საწარმო „ბაბალეს“ იარლიყების შებმაში, რათა ვისთანაც მივა ეს ნივთი და გაახარებს ამ საახალწლოდ, გაიგონ, ვის მიერ სად და რატომ არის შექმნილი, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთან შექმნილ ნივთს. დაფერვაზე გვეხმარებიან უზარმაზარი ხალისით, მობრჭყვიალება უყვართ ყველაზე მეტად ჩვენს ბავშვებს“, – განაცხადა „ბაბალეს“ მენეჯერმა, ნატალია სირაძემ.
„ბაბალე“ 2014 წელს მშობლების ინიციატივით შექმნილი შემოქმედებითი სახელოსნოა. ის ორ სივრცეს აერთიანებს – სამხატვრო სახელოსნოსა და სალონს, სადაც ბავშვების დამზადებული ნივთების ყიდვა შეიძლება. პანდემიის გამო, „ბაბალე“ ორი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. ახლა კი ისევ ამოქმედდა და სახელოსნოში სიცოცხლე დაბრუნდა.
„ბაბალეს“ იდეა გაჩნდა იქიდან, რაც ჩვენი შვილები დაიბადნენ და ცოტა წამოიზარდნენ, ანუ წამოვიდა ფიქრი და აზრები იმაზე, რომ მომავალში რა იქნება, რით შეიძლება დასაქმდნენ ეს ბავშვები, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები, რომლებიც გაიზრდებიან და მშობლები ყოველთვის გვერდით არ იქნებიან და მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეიქმნას საწარმო, სივრცე, სადაც ისინი დასაქმდებიან და შეძლებენ თავანთი უნარების უფრო წინ წამოწევას და, რა თქმა უნდა, განვითარებას“, – თქვა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრმა ნინო სიხარულიძემ.
„ბაბალეში“ ამბობენ, რომ საქართველოში მათი დამზადებული ნივთები ძალიან მოსწონთ. უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც გადადგეს პირველი ნაბიჯები და მათ მიერ მოქსოვილი წინდები, ონლაინ მაღაზია ამაზონის საშუალებით, აშშ-სა და ბრიტანეთშიც იყიდება. წინ კი კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ, მანამდე კი საახალწლო სიხარულია და ახლა „ბაბალეს“ წევრებს სხვა არაფრისათვის სცალიათ.
ანა ალელიშვილი