უკრაინის დედაქალაქის მახლობლად, ტყის მასივში, უკრაინელი რეზერვისტები სამხედრო წვრთნას გადიან. მათ შორის არიან არქიტექტორები, მეცნიერები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. იმიტირებულ თავდასხმას რუსი ჯარისკაცების მხრიდან ისინი კალაშნიკოვის ავტომატის ასლებით იგერიებენ.
რეზერვისტები აგრესიის მორიგ რაუნდს ელოდებიან, ახლა ისინი უფრო ინტენსიურად მუშაობენ. თუმცა იმედი აქვთ, რომ აქ მიღებული ცოდნის გამოყენება არ დასჭირდებათ.
უმცროსი სერჟანტი დენის სემიროგ- ორლიკი ამბობს, რომ რუსეთს სახეში გარტყმა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არ მოისვენებს. უკვე რვა წელია, ასეთი მდგომარეობაა. ისინი ყოველთვის უფრო სუსტებს ჩაგრავენ. ამიტომ უმცროსი სერჟანტის აზრით, პრობლემა რომ დროულად მოგვარდეს, წინააღმდეგობის გაწევა აუცილებელია.
მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, თუმცა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ თუკი ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას გააგრძელებს, ის შესაბამისად იმოქმედებს.
რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის სახმელეთო ძალებმა კი წვრთნები ჩაატარეს, ისინი რეზერვისტებს ოლქის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებას ასწავლიდნენ. წვრთნაში 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სწავლების დროს 200 ერთეული საბრძოლო იარაღი და სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს.
სანკტ-პეტერბურგის მცხოვრები დიანა შილოვა ამბობს, რომ ომი ყველას ძვირად უჯდება, თან დროის ხარჯვაა. მას იმედი აქვს, რომ მომავალში ისეთი ახალგაზრდები ეყოლებათ, რომლებიც მშვიდობას დაუჭერენ მხარს.
როგორც ირკვევა, ადამიანებს არ უნდათ დაიჯერონ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა ომი დაიწყოს. რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას სჯერა, რომ ვითარების გაუარესება შეერთებული შტატებისა და ნატოს ბრალია. მხოლოდ 4 პროცენტი ადანაშაულებს რუსეთს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსები ომს ემხრობიან.