მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებულ შტატებში კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება

ამერიკის შეერთებულ შტატებში კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 73% უკვე კორონავირუსის ახალ შტამს ომიკრონს ებრძვის. როგორც შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, დღესასწაულის დროს, შესაძლოა, ვირუსი კიდევ უფრო სწრაფად გავრცელდეს. ამიტომ ისინი მოსახლეობას ვაქცინაციისა და სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებენ.

შეერთებულ შტატებში ომიკრონის სწრაფ გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინც აცრილია დამატებითი დოზით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და შობის დღესასწაულზეც შეძლებენ ახლობლებთან ერთად ყოფნას. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ომიკრონის სწრაფად გავრცელებისა, ამერიკაში ლოკდაუნი და სასწავლო დაწესებულებების დახურვა არ იგეგმება.

,,ისიც, ვინც აცრილია შესაძლოა, დაინფიცირდეს, თუმცა ბევრად უფრო დაცულია ჯანმრთელობის გაუარესებისა და სიკვდილისგან. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენი ექიმების თქმით, მაშინაც კი, თუ სრულად ვაქცინირებულები ხართ , დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცილებლად უნდა ატაროთ პირბადე. პირბადის ტარება უზრუნველყოფს დამატებით დაცვას თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის. ვიცი, რომ ზოგიერთ ამერიკელს აინტერესებს, შეუძლია თუ არა უსაფრთხოდ აღნიშნოს დღესასწაული ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. პასუხი არის – დიახ, შეგიძლიათ. თუ თქვენ და ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც დაგეგმილი გაქვთ  არდადეგების გატარება, ვაქცინირებული ხართ, განსაკუთრებით კი თუ ბუსტერ დოზა გაქვთ მიღებული  და დაიცავთ  უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით, კომფორტულად იგრძნობთ თავს შობა-ახალ წელს!“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ქვეყანა უნდა მოემზადოს ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც ომიკრონის შტამი ნაკლებად მძიმე ვარიანტი აღმოჩნდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული. კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.

ამ დროისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 61,5 %-ია სრულად ვაქცინირებული.

ფარმაცევტული კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ე.წ ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტზე ეფექტიანად მოქმედებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend