მთავარისაქართველოსაქართველოს წითელი ნუსხა განახლების პროცესშია

საქართველოს წითელი ნუსხა განახლების პროცესშია

თეთრგვერდა დელფინი, დიდი ცხვირნალა ღამურა, ღამის დიდი ფარშევანგთვალა, ნემსიყლაპია სამეგრელოს ტურფა და სხვები. ამ ცხოველების ფიგურების ნახვა თბილისის ზოოპარკში, ორგანიზაცია „ბუნების კონსერვაცია საქართველოს“ მიერ მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეშია შესაძლებელი.

საქართველოს წითელი ნუსხა განახლების პროცესშია, საგანმანათლებლო სივრცეც ამ პროექტს ეძღვნება.

საქართველოს წითელი ნუსხა ბოლოს 15 წლის წინ განახლდა და მასში ამ დრომდე მხოლოდ საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები ხვდებოდნენ. ამიერიდან კი ნუსხაში ის ცხოველებიც იქნებიან, რომლებსაც საშიშროება არ ემუქრებათ. ეს ნიშნავს, რომ ნაცვლად ოთხისა, ქართულ წითელ ნუსხაში სახეობები თერთმეტი სხვადასხვა კატეგორიით იქნებიან წარმოდგენილნი.

„15 წლის განმავლობაში არაერთი ახალი ინფორმაცია და სტატია დაგროვდა, ამ საკითხებზე უამრავი უნივერსიტეტი და მკვლევარი მუშაობდა. საქართველოს წითელი ნუსხის კონცეფცია შეიცვალა და ის მაქსიმალურად დაემსგავსა საერთაშორისოდ აღიარებულ, IUCN-ის წითელ ნუსხას“, — აცხადებს „ბუნების კონსერვაცია საქართველოს“ თანადამფუძნებელი სანდრო ჭითანავა.

პროექტი GIZ-ისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისის ზოოპარკში ინსტალაცია გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ, ბუნების კონსერვაცია საქართველომ მოაწყო.

„ამ კუთხეში ქართულ ზამბახს შეხვდებით, რომლის სტატუსიც განისაზღვრა, როგორც საფრთხესთან მიახლოებული სახეობა და ამის ძირითადი მიზეზი ადამიანების მიერ მათი ჭარბი მოპოვებაა, რადგან გაზაფხულზე საკმაოდ ლამაზად ყვავილობენ. ამ მცენარეს ველური ბუნებიდან თხრიან და გასაყიდად თბილისში ჩამოაქვთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია საინფორმაციო პოსტერებს ამზადებს. ხალხს მოვუწოდებთ ხოლმე, რომ რამდენიმეკვირიანი სიამოვნებისთვის სახეობის საფრთხეში ჩაგდება არ ღირს“, — ამბობს სანდრო.

წითელი ნუსხა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა 1964 წელს შექმნა და ის წარმოადგენს ძირითად რესურსს სახეობათა გლობალური სტატუსის შესახებ. არსებობს ნუსხის საერთაშორისო და ადგილობრივი ვარიანტები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend