კატარის ავტორბოლის კლუბი ქვეყანაში ე.წ. დრაგისა და დრიფტის რბოლის სახეობებში ჩემპიონატების ორგანიზატორია. ორივე, დრაგიცა და დრიფტიც, სპორტის სერიოზულ სახეობებად ითვლება – ამ ტიპის რბოლის დროს ავტომობილი საათში 500 კილომეტრზე მეტ სიჩქარეს ავითარებს და ფინიშთან ავტომობილები წამების სხვაობით მიდიან. ახლა მძღოლები ქუჩის დრაგის ეროვნული ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადებიან.
დრაგის ტიპის რბოლა, რომელშიც ორი ავტომობილი და მძღოლი ეჯიბრება ერთმანეთს, მსოფლიოში ავტოსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მიმზიდველი სანახაობაა. კატარში ეს რბოლა დიდ მოვლენად ითვლება.
მექანიკოსები თავაუღებლად მუშაობენ, რომ თითოეული ავტომობილი რბოლისთვის მზადყოფნაში იყოს, ამავე დროს რბოლის ორგანოზატორები ტრასის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
მუსტაფა ატატი ალ ანაბი, მძღოლი:
„დრაგით რბოლა დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამის მნიშვნელოვანი ნაწილია უსაფრთხოება და ტრასის მომზადება. ასევე მნიშვნელოვანია თავად ავტომობილები, ყველა ავტომობილი განსხვავებულია კლასისა და ცხენის ძალის მაჩვენებლის მიხედვით, მაგრამ ეს ყველაზე მიმზიდველი რბოლის სახეობაა.“
მძღოლმა უამრავ რამეზე უნდა იფიქროს: ხახუნის ძალაზე, დამუხრუჭების სიმარჯვესა და სწრაფი სტარტის აღებაზე, რათა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთოს. მაგრამ ტექნიკური ოსტატობის გარდა, როგორც ჩანს, დრაგის მონაწილეებს კიდევ რაღაც განსხვავებული აქვთ.
მუსტაფა ატატი ალ ანაბი, მძღოლი:
„დრაგის რბოლის ნიჭი ან გაქვს ან არა. ეს შიგნიდან მოდის. და თუ ეს შინაგანი მუხტი არ აქვს, ამას ვერავის ასწავლი.“
დრაგით რბოლაში ატატის ოჯახიც არის ჩართული.
საბრინა ატატი, კატარის რბოლის კლუბის საკონტროლო კოშკურის ოპერატორი:
“მე 16 წლის მოვედი აქ, როდესაც კატარის რბოლის კლუბში ახალგაზრდული გუნდი შექმნეს. მე და ჩემი დები მიგვიღეს. ჩვენ პირველი ქალები ვართ კატარში, რბოლა რომ დაიწყეს, რაც ძალიან გვიხარია.“
მაგრამ ეს კლუბი მხოლოდ დრაგის ჩემპიონატებს არ ატარებს.
აბდულა ალ მოთასებს დრიფტის საძმოს გუნდიც ჰყავს. იგი 2016 წლიდან მისდევს დრიფტს და რეგულარულად მონაწილეობს კატარის რბოლის კლუბისა და რეგიონში ჩატარებულ შეჯიბრებებში. რბოლის ამ სახეობაში მძღოლებს იმის მიხედვით აფასებენ, თუ რამდენად სწორად უჭირავს გეზი, როგორია მანქანის მოცურების კუთხე, მანევრირება და სიჩქარე.
აბდულა ალ მოთასები, დრიფტის საძმოს გუნდი:
„როდესაც საჭესთან ხარ, 100 პროცენტით უნდა გრძნობდე მანქანის თითოეულ ნაწილს, საბურავებს, ძრავას, საჭეს და სიჩქარის გადამრთველს.“
აბდულას საკუთარი ფარეხი აქვს, რომელშიც შეჯიბრებამდე და შეჯიბრების შემდეგ ავტომობილების შეკეთება ხდება. კატარის ბუნებრივ პირობებს თუ გავითვალისწინებთ, აქ ავტომობილი ყოველთვის გამართული უნდა იყოს.
აბდულა ალ მოთასები, დრიფტის საძმოს გუნდი:
“ჩვენ მანქანის გადახურების პრობლემა გვაქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც რბოლის დროს ყურადღება ვაქცევთ.“
მძღოლებსაც და მაყურებლებსაც დრაგისა და დრიფტის სახეობები ისეთ სიამოვნებას ანიჭებს, როგორიც რბოლის არცერთი სხვა სახეობა.
„ფორმულა 1-მა“ ათწლიანი გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც, 2023 წლიდან კატარში რეგულარულად ჩატარდება ფორმულა ერთის რბოლა. ლუსაილის Losail საერთაშორისო ავტოდრომზე 2004 წლიდან ტარდება მოტორბოლის გრანპრის ჩემპიონატები. საინტერესოა, რამდენად მოემზადა ეს მოედანი ავტორბოლისთვის. ამის გასაგებად „ევრონიუსი“ ამრო ალ-ჰამადს გაესაუბრა, რომელიც კატარის ავტო და მოტოციკლის ფედერაციის მმართველი დირექტორია. იგი „ფორმულა 1-თან“ შეთანხმების დადებაშიც მონაწილეობდა…
ამრო ალ-ჰამადი, ლუსაილის საერთაშორისო ავტოდრომის მმართველი დირექტორი:
“თავად მოედანზე არაფერი შეგვიცვლია, მხოლოდ უსაფრთხოების ზომები გავზარდეთ ავტომობილების საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტების დონემდე.“
ევრონიუსი:
ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რბოლა. კიდევ რას სთავაზობთ გულშემატკივრებს?
ამრო ალ-ჰამადი, ლუსაილის საერთაშორისო ავტოდრომის მმართველი დირექტორი:
“გვაქვს გულშემატკივართა ზონები, წარმოვადგინეთ საჰაერო სანახაობები, გვქონდა უამრავი ფეიერვერკი. სანახაობრივი თვალსაზრისით ეს სპორტზე ბევრად მეტია მაყურებლისთვის.“
ევრონიუსი:
თქვენი აზრით, რითია გამორჩეული ფორმულა ერთი, რატომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სპროტის სახეობა მსოფლიოში?
ამრო ალ-ჰამადი, ლუსაილის საერთაშორისო ავტოდრომის მმართველი დირექტორი:
“მე მას უფრო ზეიმს დავარქმევდი, ვიდრე სპორტს. ის უამრავ სხვა ასპექტს მოიცავს. ჩემი აზრით, ისეთი ტიპის სერიალებმა, როგორიცაა ნეტფლიქსის პლატფორმაზე გასული „რბოლა გადარჩენისთვის“, კიდევ უფრო დააინტერესა მაყურებელი, თუ რა ხდება ფარდის მიღმა. ადრე მაყურებელი მხოლოდ რბოლის სანახავად მოდიოდა და მათ მხოლოდ იმ მძღოლებთან ჰქონდათ საქმე, რომლებიც ავტომობილებს მართავდნენ. ახლა კი, მე ვიტყოდი, მოტოსპორტი იქნება თუ „ფორმულა ერთი“, ბევრად მეტ განცდას იწვევს, ვიდრე უბრალოდ სპორტი ან სპორტული ავტომობილი, რომელიც ტრასაზე მიქრის.“
ევრონიუსი:
თქვენ გსურთ, მომავალი თაობა კარტინგის აკადემიის საშუალებით დააინტერესოთ. მოდით, ორი სიტყვით ამაზეც ვისაუბროთ.
ამრო ალ-ჰამადი, ლუსაილის საერთაშორისო ავტოდრომის მმართველი დირექტორი:
“ჯერ კიდევ „ფორმულა ერთთან“ გარიგების დასრულებამდე, კატარს ამ ჩემპიონატისთვის რომ ემასპინძლა, მოტოსპორტი ძირფესვიანად შევისწავლეთ. გვინდოდა. გაგვეგო, როგორ შეიძლებოდა, კიდევ ერთი ნასერ ალ-ატია გვყოლოდა. ამიტომ კიდევ ერთ ახალ წამოწყებას მოვკიდეთ ხელი, რომელსაც კარტინგის აკადემია ჰქვია. ახლა ვაგროვებთ ახალგაზრდა ენთუზიასტებს, რომ აღვზარდოთ და გზა გავუკვალოთ, რათა მომავალში პროფესიონალ მრბოლელებად ჩამოყალიბდნენ.“
„ფერარისა“ და „მაკლარენსის“ სპორტული ავტომობილი, რომელსაც ქუჩაში იშვიათად თუ მოჰკრავს კაცი თვალს, დოჰის ქუჩებში ჩვეულებრივი ამბავია.
საინტერესოა, რა ამოძრავებს ადამიანს, რომელიც ლუქსის ტიპის ავტომობილებს აგროვებს? ამაზე მეტი რომ შეგვეტყო, „ევრონიუსი“ „ლამბორგინის“ მოყვარულ მოჰამედ ალ-კუბაისის ეწვია. მისი ელიტური სუპერავტომობილების კოლექციაში „ლამბორგინი კონტაჩი 89-ც“ დგას.
მოჰამედი ამბობს, რომ ეს მოდელი „ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ავტომობილია დოჰაში“.
„როცა ბავშვი ვიყავი, მანქანები მომწონდა. მომწონდა „ლამბორგინი“, „ფერარი“. ეს ჩემი ჰობია, იმდენად მიყვრს, რომ დოჰაში კლუბის დაფუძნება მინდოდა და 2014 წელს ელიტური სუპერავტომობიელების კლუბი შევქმენი,“ – ასეთია მისი განმარტება.
მოჰამედი ერთ-ერთია ამ ქვეყანაში იმ მრავალ ავტომოყვარულთაგან, რომელთა ჰობიც იშვიათი და ეგზოტიკური სუპერმანქანების კოლექციის შექმნაა.
მაგალითად 2022 წლის „ფერარი SF90 სტრადალეს“ მფლობელს ეს ავტომობილი მისი ტექნოლოგიური უპირატესობის გამო მოეწონა. ჰიბრიდული მოდელი ორტურბინიანი ვი-რვა V-8 ტიპის ძრავითა და სამი ელექტროძრავით არის აღჭურვილი.
შეიხი საიფ ბინ ნასერ ალ-თანი:
“ჩემი პირველი სუპერავტომობილი BMW M5 იყო. ისეთი განცდა მაქვს, რომ ძლიერ მანქანას ვმართავ, მომწონს მისი ძრავის ხმა. ჩვენ ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და მთელ მსოფლიოში მოგზაურობას ვაპირებდით“.
დოჰაში „მაკლარენის“ ოფიციალური წარმოამდგენლობის ხელმძღვანელი ჯასიმ ალ ემადი ამბობს, რომ ეს ბრენიდ კატარის ბაზარზე საკმაოდ წარმატებულია.
ავტომობილი ყოველთვის იყო კატარის კულტურის ნაწილი.
ავტოინდუსტრიის ევოლუცია აქ უამრავ რამეზე მეტყველებს, იქნება ეს გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ამერიკული გამძლე მანქანების სიყვარული, თუ თანამედროვე ეკოლოგიური ავტომობილები გატაცება. უსაფრთხოების წესებსაც კარგად იცნობენ.
ზოგიერთი ადგილი თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს იმ ევოლუციას, რომელსაც კატარისა და ავტომობილის ურთიერთდამოკიდებულება ჰქვია.
შეიხ ფაიზალ ბინ ქასიმ ალ თანის მუზეუმში 600-ზე მეტი ავტომობილი დგას. მათ შორისაა ავტომობილის პირველი მოდელები, მაგალითად, 1900 წელს გამოშვებული „მერსედეს-ბენცი“, რომელიც თავის დროზე ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი იყო. ამ მუზეუმის დათვალიერება ნამდვილი ისტორიის გაკვეთილია.
კლაუდიო კრავერო, მუზეუმის დირექტორი:
“ავტომობილი იმ ხალხის საზრიანობის სიმბოლოა, რომელმაც ავტომობილი შექმნა, რათა ადამიანთა შორის მანძილი შეემცირებინა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ცივილიზაციებს შორის ხიდი გაედო.“
ნასერ ალ ქააბიმ თავისი ოჯახის 100-წლოვან ფერმაში ბუტიკური მუზეუმი გახსნა.
ესა ნასერ ალ ქააბი, მუზეუმის დამფუძნებელი. იგი ამბობს, რომ მამის მიერ 1991 წელს ნაჩუქარი „რეინჯ როვერი“ ჯერ გაყიდა და სემდეგ დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვა და უკან გამოისყიდა, რადგან გააცნობიერა მისი ღირებულება.
“ავტომწარმოებლებმა წლების განმავლობაში შეიმუშავეს უსაფრთხოების სისტემა. უფრო თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ღვედით, ბალიშებით და უსაფრთხოების სხვა ზომებით…მაგრამ ამ ავტომობილების უმესტესობას, რომლებსაც აქ ხედავთ, ღვედიც კი არ აქვს. და საინტერესო ის არის, რომ ამის მიუხედავად, რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო ძვირია,“ -ამბობს ნასერი.
ამ მუზეუმში ვინტაჟური ავტომობილების გვერდით, რომლებიც ორ საუკუნეს აკავშირებენ, შეკვეთით დამზადებული სპეცმოდელებიც დგას. და თითოეული მათგანი რაღაცას მოგვითხრობს როგორც ტექნოლოგიურ ევოლუციაზე, ისე უსაფრთხოების სტანდარტებსა და დიზაინზე.
ავტორი: მირანდა ატი