სევილიის უნივერსიტეტისა და ანდალუსიის ისტორიული მემკვიდრეობის ინსტიტუტის მკვლევრებმა, სავარაუდოდ, არქეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოს – ჰერაკლეს მითიურ ტაძარს მიაგნეს. ანდალუსიაში მეცნიერებმა ტექნოლოგიებისა და აეროფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს უზარმაზარი რომაული და ფინიკიური შენობის კვალი, რომელიც შესაძლოა სწორედ კადისელი ჰერაკლეს ტაძარი იყოს.
წყალქვეშა არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი მილაგროს ალსაგა გარსია აღნიშნავს, რომ დოკუმენტური წყაროები, არქეოლოგიური ინფორმაცია და ამ ადგილის ციფრული მოდელებით მოპოვებული სურათები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ივარაუდონ, რომ ეს ჰერაკლეს მითიური ტაძარია.
მართკუთხა კონსტრუქცია სიგრძეში 300, ხოლო სიგანეში 150 მეტრია, როგორც ჩანს, მას შიდა ნავსადგურიც ჰქონდა. ის, რასაც მეცნიერები წყლის ქვეშ ხედავენ, ზუსტად შეესაბამება ამ ტაძრის კლასიკურ აღწერილობას, რომელშიც საუბარია მისი ადგილმდებარეობის შესახებ და აღნიშნულია, რომ ეს არის დიდი ფინიკიური მონუმენტური კომპლექსი, რომელშიც მარადიული ცეცხლი ენთო.