მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ რომ სამშობლოს დასაცავად მზად არიან

უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ რომ სამშობლოს დასაცავად მზად არიან

მოსკოვის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ჯარების მობილიზაციის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად მზად არიან. კიევში რუსეთის ფედერაციის მიერ თავდასხმას იანვრის ბოლოს ელიან.

„შესაძლოა ისინი ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ.  არავინ იცის ჩვენი მტერი რას ფიქრობს. ჩვენი მეთაური ამბობს, რომ მტრის შესაბამისად შეფასება მნიშვნელოვანია“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი ვიაჩესლავი.

„რუსული არმიის თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მათ მოსაგერიებლად. ყველა ჩვენგანი მზად არის, დიდი ხანია ამ მომენტს ველით“ – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი პეტრო.

„მე ამ სამხედრო პოზიციის მეთაური ვარ და მას სიცოცხლის ფასად დავიცავ. მე გამოუცდელი ჯარისკაცებიც მყავს ჩემს შენაერთში, მათ შესაბამისი წვრთნა ჩავუტარე და ისინი ბრძოლისათვის მზად არიან“, –  ივანი უკრაინელი ჯარისკაცი.

უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის დედაქალაქებში შიშობენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან საკუთარი არმიის მობილიზაციის ფონზე, მოსკოვი თავდასხმისთვის ემზადება.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ან თავდასხმისთვის ემზადება ან ცდილობს ომის მუქარით დასავლეთი აიძულოს დათმობებზე წავიდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი შემდეგი წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის 200 ათასამდე ჯარისკაცსა და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას უყრის თავს.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის განახლება არ სურთ და ატომური დაპირისპირების ეშინიათ.

უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, კონფლიქტის შედეგად მოსკოვმა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპაცია და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. კონფლიქტის შედეგად დღემდე 14 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend