მთავარისაქართველოთბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

ფორმალური დასწრება, მისასალმებელი სიტყვები, ოფიციალური პროცედურები, პროტესტი და მადლობები – ასე გაიხსნა და დასრულდა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა.

შემადგენლობას ლეგიტიმაცია ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მიანიჭა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება საკრებულოების პირველი სხდომები, რომელსაც გახსნიან საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები. ჩემს შემთხვევაში, მე დღეს მაქვს პატივი, როგორც ცესკოს თავმჯდომარეს, სხდომა გამეხსნა და მიმელოცა ახლადარჩეული საკრებულოს წევრებისთვის ის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ შესაბამის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა მიანიჭეს“,- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ტყემელაძე აირჩიეს. მისი მოადგილეებიც მმართველი პარტიის დეპუტატები იქნებიან.

ძირითადი თანამდებობები ოპოზიციას არ შეხვდა, ზოგმა თქვა რომ არც მიიღებდა. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი საკრებულოში თანამდებობებისთვის არ არიან, რადგან ეს საკრებულო თბილისის მაცხოვრებლების რეალურ არჩევანს არ ასახავს. ამის მიუხედავად ამბობენ, რომ მუშაობას უკეთესი თბილისისთვის გააგრძელებენ.

„ცხადია, ვაპირებთ ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილების გზა გადის როგორც პარლამენტზე, ისე ქუჩის პროტესტზე და ისე საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე. ამ ყველაფრის ერთობლიობით უნდა დავუახლოვდეთ ხელისუფლების ცვლილებას, საკრებულოში მიმდინარე პროცესებიც იქნება აქტიური და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, ოპოზიციის უფრო ფართო წარმომადგენლობა, მათ შორის საკრებულოს თანამდებობებზე იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ძალაუფლება მომდინარეობს საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან, კონკრეტული თანამდებობა საკრებულოში კი არცერთ შემთხვევაში არ განაპირობებს არაფერს და არ ცვლის ჩვენს გეგმებს”, – განაცხადა დეპუტატმა საბა ბუაძემ.

პირველი სხდომა ფორმალური ნაწილის შემდეგ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გარეთ გამოსულებმა კი თქვეს, რომ ამ საპროტესტო აქტის მიუხედავად, საკრებულოშ რჩებიან და უკეთესი თბილისისთვის იბრძოლებენ.

„დღევანდელი სხდომა იმიტომ დავტოვეთ, რომ მორალური უფლება არ გვქონდა დღევანდელი დღე გაგვეგრძელებინა იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რომელმაც ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ბრძოლას ვაგრძელებთ. ყველა სხდომაზე, სადაც ადამიანების პრობლემები განიხილება, ჩვენ ვიბრძოლებთ ყოელდღიურად, ყოველწუთიერად. ვხედავთ, ქვეყანაში რამხელა ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისია და მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები. აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა უზრუნველვყოთ“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ოპოზიციის შეხედულებებს და დამოკიდებულებას არ იზიარებენ მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, მე-7 მოწვევის საკრებულო ზუსტად ასახავს თბილისელთა პოლიტიკურ განწყობებს და პირობას დებენ, რომ დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა სრულად და ზუსტად ასახავს თბილისელთა გადაწყვეტილებას გასულ არჩევნებზე. მოსახლეობამ კახა კალაძე და მისი გუნდი საკრებულოში უმრავლესობით აირჩია და ჩვენ მთელი ვადის განმავლობაში ვაპირებთ, რომ თბილისელებისთვის უკეთესი გარემო შევქმნათ და ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მათ ინტერესებზე იყოს მორგებული“, – განაცხადა რეზი სოხაძემ.

თბილისის საკრებულოში 3 ფრაქცია დაკომპლექტდა. “ქართული ოცნება” საკრებულოში ერთი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში 29 წევრი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარედ 28 ხმით ოთარ გრიგოლია აირჩიეს.”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.კიდევ ერთი ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს.

საკრებულოს შემადგელობის უმრავლესობას „ქართული ოცნება“ 29 დეპუტატით წარმოადგენს, დანარჩენი 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიებიდანაა. მათ შორის, 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 პარტია „საქართველოსთვის“, 2 „ლელოდან“, ერთი ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend