მთავარი მსოფლიო ომიკრონი, ტურიზმი და ავიახაზები

ომიკრონი, ტურიზმი და ავიახაზები

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის – ომიკრონის გავრცელების გამო ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ტურიზმის წარმომადგენლები და ავიასექტორი შესაძლოა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამას ემატება ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღების აკრძალვას გულისხმობს. ავიაკომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ ისეთი გზის მოძიებას, რომელიც არც მოგზაურობას შეზღუდავს და ადამიანის ჯანმრთელობასაც არ შეუქმნის საფრთხეს.

სადღესასწაულო სეზონი – ეს ის არის, რაზეც რთულ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიები და მოგზაურები ოცნებობდნენ. თუმცა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტმა, რომელიც ევროპაში სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა ახალი ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ბრიუსელში მცხოვრებ და დასაქმებულ იოანა კამინსკას შესაძლოა საშობაო გეგმები ჩაეშალოს.

იოანა კამინსკა ღელავს, რადგან ჯერ არ იცის, ეს მდგომარეობა რამდენად იმოქმედებს  მის გეგმებზე. შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს გადაადგილებაზე. იგი საშობაოდ პოლონეთში აპირებს გამგზავრებას. იოანა წელიწადში რამდენჯერმე ჩადის ხოლმე სამშობლოში. ამიტომ წინასწარ გეგმავს ხოლმე მოგზაურობას და ბილეთების ფასსაც ითვალისწინებს.

ევროკავშირში მკაცრდება სამოგზაურო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები და შეზღუდვები. სხვა ქვეყნებმა კი, მაროკოს მსგავსად, ისრაელსა და იაპონიას მიბაძეს და აკრძალეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება. ეს კი დიდი დარტყმაა გლობალური ავიაციის ინდუსტრიისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად ისედაც დაზარალდა.

ევროპის ავიახაზების გენერალური დირექტორი თომას რეინარტი ამბობს, რომ უკვე წელიწად-ნახევარია, აქტიურად მუშაობენ ავიაციის სექტორთან, რათა აღდგეს მომხმარებლის ნდობა. მათთვის მიუღებელია ზოგიერთი  ქვეყნის მთავრობების ქმედებები, რომლებიც არ ემყარება არანაირ მეცნიერებას და რომლებიც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას ამ სექტორში. ახლა მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორისთვის ყველაზე მთავარია სწორი გზის ძიება.

ევროპის სამოგზაურო კომისიის აღმასრულებელი დირექტორის ედუარდო სანტანდერის განცხადებით, ნებისმიერი სახის გაურკვევლობა აზარალებს სექტორს. მისი თქმით, არავის უნდა დასასვენებლად წასვლა, როცა რამე საფრთხე არსებობს. თავადაც კი, კერძო პირების მსგავსად, ვერ წავლენ ვერსად, თუ არ იციან, მომავალში რა მოხდება. ედუარდოს აზრით, მნიშვნელოვანია, ისეთი გზის მოძიება, რომელიც ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ეს ის დილემაა, რომლის წინაშე არაერთი ქვეყნის მთავრობა დგას,  ისინი ერთი მხრივ, ეკონომიკის აღდგენას ცდილობენ, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.

უახლესი

სხვა ამბები

ომიკრონიომიკრონი

Send this to a friend