მთავარისაქართველოსამართალი და პოლიტიკა

სამართალი და პოლიტიკა

პარლამენტის დეპუტატების შეფასებები მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის შესახებ

საშემოდგომო სესიის 30 ნოემბრის სხდომა პარლამენტში ძირითადად პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო და საუბრის მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 29 ნოემბრის სასამართლო იყო.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პატიმარია და მას უსაფუძვლო ბრალდებებით ეხება მართლმსაჯულება. ზოგიერთი ოპოზიციონერი კი ფიქრობს, რომ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა დაცლილი იყო სინანულისგან და საზოგადოების წინაშე კვლავ ხელისუფლებით ტკბობაში მყოფი პრეზიდენტი წარსდგა.

განსხვავებული შეფასებების მიუხედავად, ოპოზიციის სრული სპექტრი თანხმდება რომ მას საკუთარ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება უნდა ჰქონდეს.

“როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არა გვაქვს, ხოლო პროკურატურა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გადაქცეული, იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეიძლება მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო პროცესი გაიმართოს, შეუძლებელია. ასეთია როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების შეფასება და ეს არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევა. ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს – პოლიტიკოსებმა პოლიტიკური შეცდომებისთვის ფასი ელექტორალურად უნდა გადაიხადონ”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის და მის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულება ხორციელდება. რაც შეეხება მოსაზრებას, საშიშია თუ არა მისი ტანსპორტირება სხვადასხვა მიმართულებით და უნდა ესწრებოდეს თუ არა თავის სასამართლო სხდომებს, ამაზე პარტიაში ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

“მიხეილ სააკაშვილს არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნია – დანაშაულებს, ახალგაზრდა ადამიანების ხოცვას, ბიზნესის რეკეტს, ციხეში წამებას შეცდომად მიიჩნევს. ზოგ შემთხვევაში, საერთოდ თავი აარიდა ყველაფერს და ვანო მერაბიშვილს გადააბრალა, რომელსაც ხერხემალს უწოდებდა. ჩვენი სააკაშვილი სწორედ ეს ფენომენია. გირჩევდით და საკუთარ თავსაც ვურჩევდი, რომ ამ ადამიანს შევეშვათ! სააკაშვილი ზღაპრებს ყვებოდა და თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, შეუძლია, იჩივლოს და საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივროს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

დეკემბრის განმავლობაში სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებზე, რამდენიმე პროცესია დანიშნული. ჯერ უცნობია რას გადაწყვეტენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მმართველი გუნდი, მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომებზე დასწრების შესახებ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend