კრიმინალები მიგრანტების გასაჭირით სარგებლობენ. ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრები კონტრაბანდისტი ამბობს, რომ მიგრანტების ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაყვანით წელიწადში ასი ათასზე მეტ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.
კონტრაბანდისტის თქმით, მისი საქმიანობით ის უფრო და უფრო მეტ შემოსავალს იღებს. მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე ერაყიდან და თურქეთიდან ან ბელარუსის ან საბერძნეთის ტერიტორიის გავლით გადაჰყავს. ერთ-ერთი კონტრაბანდისტი კი ყვება
„ბიზნესი ვითარდება. უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს ბელარუსის გავლით ევროკავშირში მოხვედრა. ჩვენ ნავების გამოყენებით და დიუნკერკის გავლით ხალხი გაერთიანებულ სამეფოშიც გადაგვყავს. როგორც წესი თითო ნავში 5 ადამიანი ეტევა მაგრამ ჩვენ ამ ნავებს მოდიფიკაციას ვუკეთებთ და თითო ნავში 20 – მდე ადამიანს ვატევთ“.
სულ ცოტა ხნის წინ კი გაერთიანებული სამეფოსკენ მიმავალი 31 მიგრანტი ლა მანშის სრუტის გადაკვეთისას დაიღუპა. შედეგად საფრანგეთის პოლიციამ 4 ეჭვმიტანილი დააკავა. პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე კი ათასობით მიგრანტია თავმოყრილი.
ერთ-ერთმა ოჯახმა ევროპაში მოსახვედრად 30 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. ოჯახის წევრების თქმით კონტრაბანდისტები მათ ცხოველებივით ეპყრობოდნენ, იყო მომენტები, როდესაც მათ საკვებიც კი არ ჰქონდათ.
„როდესაც ბელარუსში ჩავედით საკვების ფულიც კი აღარ გვქონდა. კონტრაბანდისტების თქმით, მათ ჩვენი საკვებისათვის საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. ჩვენ უკან დაბრუნება გვსურდა, მაგრამ უარი გვითხრეს, როგორც ცხოველებს, ისე გვეპყრობოდნენ,“ – იხსენებს კონტრაბანდისტების მსხვერპლი იადგარ მაჰმუდი.
მაჰუმდების ოჯახი ბელარუსისა და პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთისას დააკავეს და უკან სამშობლოში დააბრუნეს. მათი თქმით, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში ბელარუსის სასაზღვრო ძალების ჯარისკაცები ეხმარებოდნენ.
მაჰუმდების ოჯახის წევრების თქმით, მათი ყოფა იმდენად მძიმეა, რომ ევროკავშირში მოხვედრას კიდევ შეეცდებიან.