მთავარი საქართველო საქართველოს ელექტროენერგეტიკული რეალობა და მომავალი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული რეალობა და მომავალი

საქართველომ უკვე რამდენიმე წელია ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა და ახლა მხოლოდ იმპორტიორი ქვეყანაა. შიდა გამომუშავებასთან ერთად, ქსელში სეზონურად მნიშვნელოვანი წილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილ ენერგიას უჭირავს. მომწოდებული კი ოთხოვე მეზობელი ქვეყანაა – თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი. იმპორტიორების წილი პერიოდულად იცვლება. 2021 წლის 10 თვის მონაცემებით, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, ჩამონათვალშია თურქეთი და აზერბაიჯანი. მიმდინარე წელს, რუსეთის დენზე დამოკიდებულების ზრდა, ენგურჰესის გაჩერებამ განაპირობა. რუსეთიდან შემოსული ენეგიის 87% კი, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს მიეწოდა. ენერგეტიკოსების განცხადებით, იმპორტირებულ დენზე დამოკიდებულება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეში აგდებს, რადგან ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობა მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური იარაღია. ამის გარდა ზარალდება ეკონომიკაც, რადგან ნაყიდ ელექტროენერგიაში ყოველწლიურად, საქართველოდან თითქმის 100 მილიონი დოლარი გაედინება.

„დომინანტურად ჩვენი ქვეყანა არ არის დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიაზე, თუმცა წელს მნიშვნელოვანი წილი სწორედ რუსეთიდან შემოვიტანეთ. ზოგადად, იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ქვეყნისთვის. მათ შორისაა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რადგან რუსეთი ვიცით, რომ პოლიტიკურ ბერკეტად კარგად იყენებს ენერგორესურსებს. ამის გარდა, წნეხია ეკონომიკისთვისაც. ყოველწლიურად ქვეყნიდან დაახლოებით 90-100 მილიონი დოლარი გაედინება სხვა ქვეყნის ეკონომიკაში“, – ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

საქართველოს ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, ადგილზე გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ყველაზე დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. შემდეგ თბოსადგურებზე და ბოლოს ქართლის ქარის სადგურზე. თუმცა, ადგილობრივი გამომუშავების ჯამური მოცულობა საქართველოს ენერგომოხმარების მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება – ამიტომაც ქვეყანა სულ უფრო მეტი მოცულობის უცხოურ ელექტროენერგიას ყიდულობს. იმისათვის რომ საქართველოში ადგილობრივმა გამომუშავებამ მთლიანად დააკმაყოფილოს მოხმარება და ქვეყნის ენეგოდამოუკიდებლობა ამ მხრივ გარანტირებული იყოს, ენერგეტიკოსები გამოსავალს წყალსაცავიანი ჰიდროეელექტროსადგურების მშენებლობაში ხედავენ. აქ კი, მთავარ პრობლემას მათი თქმით, ინვესტორების ნაკლები ინტერესი, მოსახლეობის ნაწილის განწყობები და არასაკმარისი პოლიტიკური ნება წარმოადგენს.

„ჩვენ ყველაზე დიდი რესურსი რაც გაგვაჩნია, ეს არის ჰიდრორესურსები. დიდი წყალსაცავიანი ჰესების გარეშე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და აუსაფრთხოება წარმოუდგენელია. მხოლოდ დიდი ჰესების შემდეგ შეგვიძლია მივახმაროთ ქსელს ქარისა და მზის ენერგიები. თუ რატომ არ შენდება ჰესები, ეს კომპლექსური საკითხია. პრობლემაა ინვესტორებში, მთავრობის პოლიტიკურ ნებაში და საზოგადოებრივ მენტალიტეტში. ვიმეორებ, თუ ჩვენ სათანადოდ არ გამოვიყენეთ ის უნიკალური ჰიდრორესურსები რაც გვაქვს, ენერგიის ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნილების ფონზე, დენის შიდა გენერაცია წარმოუდგენელი და გამორიცხულია“, – აცხადებს ენერგეტიკოსი პაატა ცინცაძე.

ნენსკრა, ხუდონი და ნამახვანი – ახლა ფაქტობრივად, დაკონსერვერებული სტატუსის მქონე ჰესების პროექტებია და მშენებლობისათვის ინვესტორებთან ერთად, მკაფიო პოლიტიკურ ნებასა და მონდომებას ელიან.  სპეციალისტების თქმით, თუ ელექტროენერგიის მოხმარება არსებული ტემპით გაგრძელდა და ქვეყანაში ნამახვანჰესის მსგავსი მნიშვნელოვანი სადგურების განვითარება მრავალი წლით შეფერხდა, მაშინ მომდევნო წლებში საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რაც არამხოლოდ პოლიტიკური და ენერგოდამოიკიდებლობის განმსაზღვრელია, არამედ ეკონომიკის დამაზიანებელიაცაა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

ენერგეტიკული უსაფრთხოებაენერგეტიკული უსაფრთხოება

Send this to a friend