მთავარი ევროპა უნგრეთი უნგრეთის ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ორბანის წინააღმდეგ

უნგრეთის ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ორბანის წინააღმდეგ

მცირე უნგრული ქალაქის მერი პიტერ მარკი-ზაი ოპოზიციური კოალიციის მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. მან ეს კანდიდატურა ოპოზიციური პრაიმერის ჩატარების შედეგად მოიპოვა. მისი მიზანი ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის ფიდესის დამარცხებაა. ფიდესის მემარჯვენე პარტია ქვეყანას 11 წელია რაც მართავს. ამ პერიოდში უნგრეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა. ამის პარალელურად ქვეყანა რუსეთსა და ჩინეთს დაუახლოვდა.

„ორბანმა კარი გაუღო ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიებს, მან მისცა დიპლომატიური იმუნიტეტი რუსულ ბანკში მომუშავე ჯაშუშებს. ეს ხდება ნატოს ალიანსის საზღვრებს შიგნით. ორბანი არის დასავლური ფასეულობების მოღალატე. ჩვენ ვერ მივიღებთ კორუმპირებულ ადამიანს, რომელიც ღალატობს ამ ფასეულობებს და კომუნისტური ჩინეთისა და რუსეთის სამსახურში დგას“,- ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პიტერ მარკი-ზაი.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში უნგრეთში დემოკრატიის ხარისხი საგრძნობლად დაეცა. ორბანის მმართველობის პირობებში გაუარესდა მედია გარემო და კითხვის ქვეშ დადგა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. ორბანს არაერთხელ დაუფიქსირებია მისი უარყოფითი დამოკიდებულება ბრიუსელის მიმართ. მან ევროკავშირი საბჭოთა კავშირსაც კი შეადარა.

„ჩვენ მხოლოდ მთავრობის შეცვლა არ გვსურს. შესაცვლელია მთელი სისტემა. ვინმეს თუ ჰგონია რომ უნგრეთში კანონის უზენაესობა არსებობს, ის მწარედ ცდება. არსებული სასამართლო სისტემის ხელუხლებლად დატოვება არ შეიძლება. ქვეყანაში ასევე არსებობს კორუფციის პრობლემა. ამ მხრივ მაღალია უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ. ჩემს ქალაქში მოღვაწეობით მე დავამტკიცე, რომ ყველა პოლიტიკოსი კორუფციაში არაა ჩართული“, – აცხადებს პიტერ მარკი-ზაი.

მიუხედავად ამისა, ვიქტორ ორბანი პოპულარობას ინარჩუნებს მისი ანტიისაიმიგრაციო და კონსერვატიული პოლიტიკის დამსახურებით. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის აპრილში არის დაგეგმილი. ოპოზიციურ კოალიციაში ექვსი პარტიაა გაერთიანებული. მარკი-ზაის იმედი აქვს რომ მისი კანდიდატურის დაყენებით ოპოზიცია კონსერვატორ და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს გადმოიბირებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

უნგრეთიუნგრეთი

Send this to a friend