მთავარისაქართველო"ჩვენ - 30 ამბავი" - ფოტოგამოფენა საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონში

“ჩვენ – 30 ამბავი” – ფოტოგამოფენა საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონში

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონში ლევან ხერხეულიძისა და არჩილ ქიქოძის ფოტოებია გამოფენილი.

გამოფენას ჰქვია –  „ჩვენ – 30 ამბავი“.  გამოფენის ორგანიზატორების თქმით, აქ წარმოდგენილია ინტელექტუალური განვითარების დარღვევების მქონე პირების ფოტოგრაფიული და ლიტერატურული პორტრეტები.

გამოფენის მიზანია ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ფოტოგამოფენა “ჩვენ – 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით. დამთვალიერებელს გამოფენა „ჩვენ – 30 ამბავის“ ნახვა 14 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.

აი, ეს არის ექსპოზიცია – „ჩვენ – 30 ამბავი“. ამ 30 ამბავს ორი ავტორი ჰყავს –  მწერალი არჩილ ქიქოძე და ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე. ავტორთა თქმით, გამოფენაზე მოთხრობილია იმ ადამიანების ამბები, რომელთაც საზოგადოება „არატიპურს უწოდებს“.

გამოფენაზე  ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. კედლებზე ფოტოპორტრეტები კიდია, და მათ პატარა ტექსტური ჩანახატებიც ახლავს.  ფოტოც და ტექსტიც ამ ადამიანების გულისტკივილის, გარიყულობისა და „არატიპურობის“ შესახებ გვიამბობენ.

„პროცესი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. ასეთი ტიპის გადაღების გამოცდილება აქამდე არ მქონია. ძალიან ამაღელვებელი იყო. ასე ვთქვათ, სისავსის განცდა მქონდა. კმაყოფილი ვარ შედეგით, იმიტომ რომ ვხედავ საზოგადოების რეაქციას“, – ამბობს ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე.

პროექტის მიზანია, საზოგადოებამ მეტი იცოდეს  ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ,  და ბოლოს და ბოლოს შეიცვალოს დამკვიდრებული სტერეოტიპები.

„ეს პროექტი გვეხმარება, გადავლახოთ სტერეოტიპები, არა დავამსხვრიოთ ისინი, არამედ მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან“, – მიიჩნევს პროექტის კოორდინატორი თამარ უჩანეიშვილი.

გამოფენის გახსნის დღეს კინოჩვენებაც მოეწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შვედური დოკუმენტური ფილმიც  ენახათ, რომელიც მსგავს პრობლემებს ეძღვნებოდა.  „შთაბეჭდილება არის ძლიერი. ეს გამოფენა შეტყობინებაცაა – ჩვენ ვიცით, ახლა რა განწყობა მძლავრობს საზოგადოებაში – სულ ვცდილობთ განსხვავებულის მოკვეთასა და გარიყვას… ამ დროს ქალაქში იმართება გამოფენა,  რომელშიც ტექსტიც და ფოტოც ერთი მეორეზე უკეთესია”, – ამბობს დამთვალიერებელი დავით პაიჭაძე.

გამოფენა მომზადდა პროექტის ფარგლებში – „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ . ეს პროექტი საკმაოდ ფართოა. მისი მონაწილეები  სხვადასხვა სასკოლო აქტივობაშიც არიან ჩართული, რათა მოზარდებმა მეტი გაიგონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ.

„გარდა სასკოლო აქტივობებისა, ვცდილობთ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობასაც. ერთ-ერთი ასეთი გამოფენაა „ჩვენ – 30 ამბავი“. ასევე გამოიცა ფოტოწიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ანუკი სტურუა.

გამოფენის ავტორებს იმედი აქვთ, რომ პორტრეტები მნახველებს დააფიქრებს და სულ მცირე ცვლილებას მაინც მოახდენს მცდარი წარმოდგენების შესაცლელად.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend