მთავარისაქართველოგალაკტიონ ტაბიძის 130 წლის საიუბილეო კვირეული

გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის საიუბილეო კვირეული

17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს, ლიტერატურის მუზეუმში პოეტისადმი  მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. თბილისში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კვირეული მიმდინარეობდა. 20 ნოემბერს კი გუდიაშვილის სახელობის სკვერში საიუბილეო საღამო გაიმართა. კვირეული პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ჩატარდა.

პოეტების მეფე… მას ასე ჰქვია! ამაზე არავინ დავობს. იმ საღამოს გალაკტიონის კვირეულის აღსანიშნავად თბილისელები გუდიაშვილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ.

საღამო გახსნა ვახტანგ ჯავახაძემ, რომელიც წლებია გალაკტიონის ნაშრომებსა და ცხოვრებას იკვლევს. მან გალაკტიონის სიტყვები გაიხსენა:

„გალაკტიონმა ბრძანა: “ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.” მე მინდა, ვისაუბრო, თუ რა უპასუხა შთამომავლობამ გალაკტიონს, როგორ გაუმართლა იმედები და რა წარმატებასაც გალაკტიონის სახელმა მიაღწია. როგორ აღზევდა გალაკტიონი და ხალხისათვის როგორი საყვარელი გახდა ის”, – ამბობს მწერალი ვახტანგ ჯავახაძე.

გალაკტიონის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული წელს UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში გაიმართა. ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა გალაკტიონისადმი მიძღვნილი გამოფენა,  რომელზეც პოეტის ფოტოები, ლექსები, ჩანაწერები და დღიურებია წარმოდგენილი. კვირეულის დასკვნით საღამოზე კი გუდიაშვილის ბაღში, სიცივისა და პანდემიის მიუხედავად, პოეზიის მოყვარულებმა მოიყარეს თავი.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ გალაკტიონის 130 წლის იუბილეზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ დაბადების დღის თარიღზე, არამედ იმაზე, რომ გალაკტიონი მთელი თავისი შემოქმედებით საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო, არა მხოლოდ მწერლობისთვის, ასევე კულტურისთვის, რადგანაც მან ძალიან ბევრი სხვადასხვა ინტერესისა თუ პროფესიის ადამიანზე იქონია გავლენა”, – აღნიშნა პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა.

გუდიაშვილის სახელობის სკვერში სცენა მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით იყო გაფორმებული, ხოლო რეჟისორი დავით საყვარელიძე იყო. საღამოზე მუსიკალური კომპოზიციები დავით ევგენიძემ, ეკო დეისაძემ, ანუშკა ჩხეიძემ, სანდრო ბიბიჩა კვაჭაძემ და ცოტნე ზედგინიძემ შეასრულეს.

ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ისინი, ვისაც გალაკტიონის შესახებ სურდა საუბარი, ან მისი ლექსების წაკითხვა, ან საკუთარი სათქმელის გამოხატვა. ერთ-ერთი მათგანი მწერალი და ბლოგერი ნესტან ნენე კვინიკაძე იყო.

„მე ასეთ პარალელს გავავლებდი. თითქოს ის ჩვენს ორგანიზმშია, ჰემოგლობინივით და პერიოდულად იმატებს. ჩემთვის არის აკვიატებული ფიქრივით და ძალიან ხშირად, სხვადასხვა სიტუაციაში, სულ ვხედავ მის ლექსებთან პარალელს. ბლოგიც სწორედ ამაზეა, თუ როგორ ცხოვრობს ის ჩვენში”, – ამბობს მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე.

გალაკტიონი მართლაც ყველაში ცხოვრობს… სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ძალით. ხანდახან ვინმე, შესაძლოა, ვერც ხვდებოდეს ამას, მაგრამ ცხოვრების რაღაც წუთსა და მომენტში აუცილებლად შეიგრძნობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend