რეგიონში კვლავ იზრდება დაძაბულობა მიგრანტთა კრიზისის გამო, რომელსაც, როგორც უმეტესობა ამბობს, ბელარუსი ქმნის.
ლატვია ამონტაჟებს დროებით ღობეს 37-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ლატვია-ბელარუსის საზღვრის დაახლოებით მეხუთედია. ბევრგან მდინარეებისა და ჭაობების გამო ფიზიკურად შეუძლებელია ბარიერის დადგმა. ჯერჯერობით არც ერთ მიგრანტს არ უცდია ღობის გადაკვეთა ან გაჭრა. თუმცა ზოგიერთმა უკვე სცადა ლატვიაში შესვლა იმ ადგილებიდან, სადაც ღობე არ არის.
„ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ქურთულ, არაბულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ვეუბნებით ხალხს, რომ ლატვიის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლა ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. როგორც წესი, ეს საკმარისია ხოლმე. იმედია, რომ ისინი ნებაყოფლობით დაბრუნდებიან”, – ამბობს იურის კუსინსი სახელმწიფო საზღვრის დაცვის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში მესაზღვრეები ძაღლებს იყენებენ მიგრანტების მოსაშორებლად. ეს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებაა. კომიტეტმა გადაუმოწმებელი კადრებიც გაავრცელა. ლიეტუვის ოფიციალური პირები კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანია ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დაწყების გამო გააკრიტიკა.
“ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები ნიშნავს, მოლაპარაკება აწარმოო დიქტატორთან. მას სურს საკუთარი თავის ლეგიტიმაცია. წელიწადზე მეტია არ სცნობდნენ, არავინ ელაპარაკებოდა, ახლა კი სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
და რადგანაც კრიზისი გრძელდება, ესტონეთმა პრევენციული ზომების მიღება დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბელარუსს არ ესაზღვრება. რეზერვისტებს უკვე უტარდებათ ტრენინგები.