მთავარისაქართველოსაქართველოში პური შესაძლოა ისევ გაძვირდეს

საქართველოში პური შესაძლოა ისევ გაძვირდეს

სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი – პური და პურპროდუქტები საქართველოში უკვე გაძვირდა. მაგრამ ფასები, რომლებიც სავაჭრო დახლებზე გვხდება, შესაძლოა ამ დონეზე არ დარჩეს. რუსეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ხორბლის მთავარი იმპორტიორია, საექსპორტო ხორბალზე ბაჟის სახადს დრამატულად ზრდის, რაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის საერთო ფასის ზრდას გამოიწვევს. რუსეთი მსოფლიო ბაზრისთვის, ხორბლის მიწოდებით ისედაც ნომერ პირველ ადგილზეა.

ამჟამად, ბაჟის გადასახადი რუსულ ხორბალზე თითქმის 70$-ია. რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი ამ ტარიფს 400$-მდე ზრდის. პურისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს დიდი დარტყმა იქნება საქართველოსთვის.

„ორი მთავარი პრობლემა უკვე გამოკვეთილია – პირველი, ეს არის ფასის პრობლემა და მეორე, მარაგების პრობლემა. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოებასთან. რუსეთის ყოველი გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასთან მიმართებაში სერიოზულად მოქმედებს, განსაკუთრებით კი ჩვენთან, რადგან დღემდე რუსეთი ხორბლის მთავარი იმპორტიორია. ბუნებრივია, ნებისმიერი ფასის ზრდა ხორბალზე, აუცილებლად აისახება პურის ფასის ზრდაზე. ამიტომ სახელმწიფოსგან სუბსიდირება არა ფქვილზე უნდა მოხდეს, არამედ სოციალურად დაუცველებს მიეცეთ დანამატის სახით, რათა მათთვის მტკივნეული არ იყოს პურზე ფასის ზრდა“- აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

2020 წელს, რუსეთის ფედერაციიდან საქართველომ ხორბლის 100% შემოიტანა. 2021 წელს რუსული ხორბლის იმპორტი უმნიშვნელოდ შემცირდა და ჩამონათვალში სხვა ქვეყნებიც გაჩნდა. თუმცა რუსეთი, მაინც მთავარ იმპორტიორად რჩება. სპეციალისტები შიშობენ, რომ რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულება, ფასით მანიპულირების პირობებში და იმ რეალობაშიც, როდესაც ჩვენს ქვეყანას ხორბლის დიდი მარაგი არ აქვს, მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის ახლო მომავალში. საბოლოო პროდუქტზე – პურზე ფასის ზრდის გარდა, მოსალოდნელია ხორბლის გადამამუშავებელი ადგილობრივი საწარმოების შეჩერებაც, რადგან რუსეთი ფასის ზრდის გარდა, აპირებს რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველოს ბაზარს არა ხორბალი, არამედ ფქვილი მიაწოდოს. ფქვილის დიდი ხნით დასაწყობება კი შეუძლებელია. სპეციალისტები საქართველოში არსებულ ბიუროკრატიაზეც საუბრობენ, რაც საწარმოებს ფქვილსა და პურზე ფასის ზრდას აიძულებს. გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს კი რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.

„ჩვენ, რუსეთის რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ახლა იქ ხორბალი იაფია, შეგვიძლია მარაგები შემოვიტანოთ. ან კერძო მეურნეობებთან კერძო მოლაპარაკებით, მოსავლის აღებისას შეგვიძლია იაფად შევისყიდოთ. ბევრი ბიუროკრატიაა ჩვენთანაც, რაც უფრო ართულებს ხორბლისა და ფქვილის შემოტანას. ასევე გადასახადები – მაგალითად დღგ აზერბაიჯანმა ხორბალზე საერთოდ გააუუქმა, იმისთვის რომ მოსახლეობას არ დააწვეს. წამყვან ქვეყნებში ეს გადასახადი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე 9%-ს არ აჭარბებს, ჩვენთან 18%-ია. მოკლედ, ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ გადასაწყვეტია, რომ ფასი ხორბალზე დრამატულად არ გაიზარდოს. პურის გაძვირება ჩვენთვისაც თავის ტკივილია“,- ამბობს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე.

სახელმწიფო მარაგების შევსება მანამ, სანამ ხორბალზე ფასი დაბალია, თუნდაც რუსეთიდან, სხვა ალტერნატიული იმპორტიორი ქვეყნის მოძიება,  ნაკლები ბიუროკრატია ხორბლისა და ფქვილის შემომტანი კომპანიებისთვის, ამისთვის კი საჭირო პოლიტიკური ნების გამოხატვა, დამატებითი ღირებულების და სხვა გადასახადის მოხსნა/ შემსუბუქება, მომდევნო წლებში ადგილობრივი ხორბლის მოყვანის ზრდა – ეს არის ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებსაც დარგის სპეციალისტები მთავრობას უზიარებენ. შესაბამისი ანალიზით და მონახაზით ხელისუფლებას უკვე მიმართეს. ამავე თემაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ევრონიუს ჯორჯიას“ ზოგადი პასუხი გასცა, რომ ყველა გამოწვევის მიმართ, მთავრობას შესაბამისი რეაგირება ექნება.

„საზღვრაგარეთ მთელ რიგ პროდუქტებზე იზრდება ფასები, მათ შორის ნავთობზე, ზეთზე, ხორბალზე. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია ბაზრის დივერსიფიკაციისკენ და ადგილობრივი წარმოების ზრდაზე. ასე რომ, სახელმწიფოს ყველა ახალი გამოწვევის მიმართ, მომენტალური რეაგირება ექნება“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ჯერ უცნობია, რა გეგმას დასახავს აღმასულებელი ხელისუფლება ახლო მომავალში, იმისათვის რომ ხორბლის გადამამუშავებელი ადგილობრივი წარმოება, თავისი სამუშაო ადგილებით გადარჩეს და პურზე ფასი კიდევ არ გაიზარდოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend