„ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა იყო.
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელია განცხადებით, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება.
„ამ რეჟიმს დღეს უნდოდა სისხლისღვრა, მაგრამ ვერ მიიღეს. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება პროვოკაციული. ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სახელმწიფო ევროპული განვითარების გზაზე. “ქართული ოცნება” ეთამაშება ცეცხლს და ეთამაშება ადამიანის სიცოცხლეს.
ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ. რეჟიმი, რომელიც მხოლოდ “რობოკოპებზე” და სპეცრაზმზე დგას, მალე ჩამოიშლება. რეჟიმი ძალიან მალე დამარცხდება”, – განაცხადა ნიკა მელია.
მისი თქმით, დღის ბოლოს ის საზოგადოებას ხვალინდელ გეგმას გააცნობს.