მთავარიგადაცემებიSmart Regionsგზისპირა მზის პანელები - ევროპის ახალი ენერგეტიკული მიმართულება

გზისპირა მზის პანელები – ევროპის ახალი ენერგეტიკული მიმართულება

გერმანიას, ბელგიასა და ნიდერლანდებს, სამივეს ერთად, 800 ათას კილომეტრზე მეტი სატრანსპორტო მაგისტრალი აქვთ, რომელიც შესაძლებელია ნაწილობრივ  ენერგეტიკული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც გამოდგეს.

ნიდერლანდებში ამ მაგისტრალის გასწვრივ ჩამწკრივებული ხმაურისგან დამცავი ბარიერები მხოლოდ ხმაურის შემცირებას არ ემსახურება. მათზე მზის პანელებიცაა დამონტაჟებული. ეს პანელები 60-ზე მეტ ახლომდებარე სახლს მწვანე ენერგიით ამარაგებს.

განახლებადი ენერგიის ამ საპილოტე სქემამ სტიმული მისცა ევროპულ პროექტს, რომელსაც „მბრუნავი მზე“  ჰქვია. ეს პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მეშვეობით მეტი ელექტროენერგიის მიღებას ისახავს მიზნად, რადგან გზისპირა ბარიერების  მზის ფოტოელემენტებით აღჭურვა უფრო იაფიც არის და ეფექტურიც.

ქალაქ როსმალენში ერთ-ერთ მზისპანელიან კედელზე 3 ტიპის მზის ელემენტის ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

სტეინ ვერკუილენი, კომპანია HEIJMANS-ის ინოვაციების მენეჯერი:

„ახალ პანელებს ვცდით და ჩვენთვის მთავარი  ხარჯის შემცირებაა. ჩვენი აზრით, ენერგეტიკის გარდამავალი ფაზისთვის ეს სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება, რადგან მიწას და სივრცეს ორმაგად იყენებ. ეს ხმაურის ბარიერები უკვე იდგა და ამ სტრუქტურას ახლა მეორეული ფუნქციით ვიყენებთ.

ამ პროქტის მთლიანი ბიუჯეტი 5 მილიონ 700 ათასი ევროა. აქედან 2 მილიონ 800 ათასს ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამა აფინანსებს. პროექტში 3 ქვეყნის  დაახლოებით 20 ინდუსტრიული პარტნიორი და ლაბორატორია მონაწილეობს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს, მათ ინდუსტრიებსა და სამეცნიერო კვლევებს შორის თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ეინდჰოვენის ლაბორატორიაში  სილიციუმ -კადმიუმისგან დამზადებული თხელი და დრეკადი მზის ელემენტების სხვადასხვა ფორმას ქმნიან. მათ სურთ, რომ ეს ელემენტები, რომლებიც ახლა შეკვეთით მზადდება, მასობრივ საწარმოო პროდუქციად აქციონ.

პიტერ ტონსენი, პროექტ ROLLING SOLAR-ის ხელმძღვანელი  ეინდჰოვენის ლაბორატორიას  ინტეგრაციულს უწოდებს:

„ აქ უფრო პატარა დანადგარებით მომცრო, საბოლოო პროდუქტს ვამზადებთ. შემდეგ ვამოწმებთ, რამდენად გაუძლებს ის სხვადასხვა ბუნებრივ მახასიათებელს, მაგალითად, ნესტს, სხვადასხვა აირს, რომლებსაც ატმოსფერო შეიცავს. ასე გვსურს, დავადგინოთ, რამდენად გამძლეა და თუ ყველა გამოცდას წარმატებით გაივლის, მერე ფართო წარმოებაში ჩავუშვებთ.“

ბელგიაში, ქალაქ გენკში მზის ელემენტები ხმაურისგან დამცავ კიდევ ერთ კედელზე დაამონტაჟეს. მზის განსხვავებული ელემენტისგან შემდგარი სამი მოდული ელექტროგადამცემ ქსელთან არის შეერთებული. აპარატურის ტემპერატურასა და მექანიკურ დეფორმაციას ყურადღებით აკვირდებიან…და უკვე შემდეგ ფაზაში გადასვლაზეც ფიქრობენ.

მიქაელ დანენი, ჰასელტის HASSELT უნივერსიტეტის პროფესორი:

„ჯერ კიდევ არის რამდენიმე დაბრკოლება, მაგალითად, ვინ იქნება წარმოებული ელექტროენერგიის პატრონი? თუ მზის ელემენტებს გზის პირზე დააყენებ და ავტომობილი დაეჯახება, ვინ შეაკეთებს? აი, ამის მსგავსი საკითხები ჩვენი პროექტის შემდეგმა პროექტებმა უნდა  გადაჭრან, რომ მზის ენერგია უპრობლემოდ განვითარდეს. ასევე გვსურს, ახალი პროდუქტი უფრო იაფი დაჯდეს, სამართლებრივად გამართული იყოს და ბიზნესისთვის მოსაწონი მოდელებიც შევარჩიოთ.“

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend