მთავარისაქართველო საპროტესტო აქციები გრძელდება

 საპროტესტო აქციები გრძელდება

ოპოზიცია კვლავ განაგრძობს პროტესტს. პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ წარმომადგენლებმა საქართველოს ექვს ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობები ერთდროულად ჩახერგა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დაიკავეს. მოგვიანებით კი დღის ორ საათზე ორ სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციები გაიმართა, საიდანაც  მონაწილეებმა იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან გადაინაცვლეს. ისინი მინისტრებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები 12 ნოემბერს, დილიდან სხვადასხვა ადგილას დაიწყო. თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. პერფორმანსის ფარგლებში, პარტიის ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი მანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მას  მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის შემდეგ, რომ ტერიტორია დაეტოვებინა, სამართალდამცველების გადაწყვეტილებით ის სხვა ტერიტორიაზე ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს.

„თავისუფლება მიშას“ – ამ მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო აქციებს კვლავ განაგრძობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად დღეს დღის ორ საათზე ორ სხვადასხვა ადგილსა შეიკრიბნენ. შემდეგ კი მსვლელობით გაემართნენ იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან. მსვლელობისას აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაჩერდნენ. მათ უწყებასთან „მშვიდობიანობის ნიშნად“ ხელები ზემოთ ასწიეს. მოგვიანებით კი ხმაური და დაპირისპირება იყო იუსტიციის სამინისტროსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

„ეს საპროტესტო აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში გამეფებულია კრიმინალური დიქტატურა, კრიმინალები მართავენ ქვეყანას, ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი. პრაქტიკულად საზოგადოებას გვაყურებინებენ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ქრონიკებს, ამიტომ აქ უკვე პოლიტიკური პარტიის ლიდერობაზე აღარ არის საუბარი. საუბარია სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვაზე, სახელმწიფო ინსტიტუციების, პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენლის, პრაქტიკულ მკვლელობაზე. ამიტომ, საზოგადოებამ ერთხმად უნდა ამოვიღოთ ხმა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა.

აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვდნენ ჯანდაცვის მინისტრთანაც, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასაუბრებოდნენ.

„ჩვენ ყოველდღიურად შევიკრიბებით სხვდასხვა სახელმწიფო უწყებებთან. იმ უწყებებთან, რომლებიც პირდაპირ სჩადიან დღეს დანაშაულს. ეს აქციები, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend