ბულგარეთში, წინასწარი გამოკითხვებით, დროებითი მთავრობის ორი მინისტრის, კირილ პეტკოვისა და ასენ ვასილევის, პოლიტიკური მოძრაობა ლიდერობს. წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური გახდა კირილ პეტკოვის მოქალაქეობის საკითხი, რომელზეც სასამართლომაც იმსჯელა და მისი მინისტრობის დროს მიღებული განკარგულებები და გადაწყვეტილებები ბათილად ცნო.
„ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს“ – ეს შესაძლოა უცნაური სახელი იყოს პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა ბულგარეთში ახლა ყველას ყურადღება სწორედ მათკენ არის მიმართული. პარტიას დროებითი მთავრობის ორი მინისტრი უდგას სათავეში, ესენი არიან: კირილ პეტკოვი და ასენ ვასილევი. თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს კირილ პეტკოვს თავად ჰქონდა სამართლებლივი დავა. კერძოდ, როდესაც თანამდებობაზე დაინიშნა, მას კანადის მოქალაქეობაც ჰქონდა და ბულგარეთისაც, რაც არაკონსტიტუციურია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი მინისტრობის პერიოდში მიღებული ყველა გადაწყვეტილება გაუქმდა.
ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ კირილ პეტკოვის პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ბოლო წუთს უარი უთხრეს „ევრონიუსის“ ჟურნალისტს ინტერვიუს ჩაწერაზე, მათ არ სურდათ ჟურნალისტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაესვა კითხვები.
ბოლოს კირილ პეტკოვთან შეხვედრა მაინც შედგა. ერთ-ერთ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მხარდამჭერებთან გასაუბრების შემდეგ პეტკოვმა განაცხადა, რომ სასამართლო აქამდე იმას იძიებდა, თუ როდის თქვა მან უარი კანადის მოქალაქეობაზე.
კირილ პეტკოვი აღნიშნავს, რომ ეს ერთგვარი ხრიკი იყო მათი ოპონენტებისთვის. როგორც თავად ამბობს, კონსტიტუციაში არსად წერია, თუ როდის უნდა თქვას ადამიანმა უარი მოქალაქეობაზე. არ არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეობის საკითხს არეგულირებს. კირილ პეტკოვმა კანადის მოქალაქეობაზე 21 აპრილს განაცხადა უარი, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ მინისტრად დაინიშნებოდა. სასამართლო კი, მისი თქმით, მოვლენების ინტერპრეტაციას თვეების შემდეგ ცდილობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინისტრობის პერიოდში მიღებული პეტკოვის ყველა განკარგულება და გადაწყვეტილება გაუქმდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი მის სასარგებლოდ მოხდა. ბულგარელებს თავიანთი თვალით უნდა ენახათ, როგორ ესხმიან თავს მას და მის მოძრაობასაც. მისი თქმით, სწორედ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ებრძვიან მთავრობის წევრების პირად ინტერესებს.
წინასწარი გამოკითხვებით, პოლიტიკურ პარტიას „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს“ არჩევნების შემდეგ შესაძლოა პარლამენტში ჰყავდეს ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცდებიან.