მთავარიმსოფლიოევროპააღმოსავლეთ ევროპაში კრიზისი მწვავდება

აღმოსავლეთ ევროპაში კრიზისი მწვავდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. მიზეზი კი პოლონეთისა და ბელარუსის სახელმწიფო საზღვარზე, ევროკავშირისა და ბელარუსის საზღვარზე, არსებული ჰუმანიტარული კრიზისია.

ჰუმანიტარული კრიზისი, რომლის ეპიცენტრშიც ძირითადად სირიიდან და ერაყიდან, მინსკის დახმარებით ჩამოსული ათასობით მიგრანტია, შესაძლოა სამხედრო კრიზისში გადაიზარდოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენელი სვენ იურგენსონი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ბელარუსს ამ კრიზისის დაწყებისათვის პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.

„მინსკის მიერ გამოყენებული ტაქტიკა მიუღებელია. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობაა საჭირო, ბელარუსმა პასუხი უნდ აგოს. ეს კრიზისი ნათელი დასტურია, თუ როგორ საფრთხეს წარმოადგენს ლუკაშენკას რეჟიმი აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობისათვის“, –  განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სვენ იურგენსონმა.

ევროკავშირის და ბელარუსის საზღვრის პოლონურ მონაკვეთზე არმიის 15 ათასამდე ჯარისკაცია მობილიზებული. არმიის ჯარისკაცები სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთს ამაგრებენ. მიგრანტების შედარებით მცირე რაოდენობა ლიეტუვისა და ლატვიის ტერიტორიაზეც შეღწევას ცდილობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის დაუყონებლივ დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ჩვენ ერთიანი და მოწადინებულნი ვართ, დავიცვათ ევროკავშირი მინსკისგან მომავალი ჰიბრიდული საფრთხისგან. აუცილებელია მიგრანტების სახელმწიფოებთან თანამშრომლობა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ბელარუსში ჩასვლასთან დაკავშირებული საფრთხეების ახსნა. ჩვენთვის შემაშფოთებელია საზღვარზე მყოფი მიგრანტების მდგომარეობა და მოვუწოდებთ მინსკს ამ ადამიანებისათვის შესაბამისი პირობები შექმნას“, – აცხადებს სვენ იურგენსონი.

ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე მყოფი ადამიანები კი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას გარშემო არსებული ქაოსის ფონზე ცდილობენ.

ცაში კი რუსეთის ფედერაციის ატომური იარაღით აღჭურვილი სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ.

ამ გზით მოსკოვი მინსკისადმი მხარდაჭერას ხაზს უსვამს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend